დღის თემალიტერატურა/წიგნებისაზოგადოება

ეროვნულმა არქივმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს მულტიმედიური გამოფენა მიუძღვნა

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მულტიმედიურ გამოფენას უძღვნის.

ქართველი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და მწერალი 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, მულტიმედიურ გამოფენაში წარმოდგენილია ეროვნულ არქივში ილიას შესახებ დაცული ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები, ავტოგრაფები, პუბლიკაციები, ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები და მოგონებები ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ. დოკუმენტები ასახავს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ, პუბლიცისტურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

„გამორჩეულია ილიას როლი XIX საუკუნის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმართვაში. „თერგდალეულების“ ლიტერატურული მიმდინარეობა სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ შეიქმნა. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, პერიოდული გამოცემები „საქართველოს მოამბე“ და „ივერია“, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. მისი ღვაწლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო.

ქართულ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ჟანრის ერთ-ერთ შემქმნელსა და გამორჩეულ ავტორს ეკუთვნის: „კაცია-ადამიანი?!“ (1858), „ქართვლის დედა“ (1871), „აჩრდილი“ (1872), „მგზავრის წერილები“ (1871), „გლახის ნაამბობი“ (1872), „განდეგილი“ (1883), „ოთარაანთ ქვრივი“ (1887)“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.

მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე.

ეროვნული არქივი ილია ჭავჭავაძის შესახებ მომზადებულ სახალისო კითხვარსაც აქვეყნებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close