„11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი… ვერ გიპასუხებთ, რას ვგრძნობ, უბრალოდ, შინ ვარ“ – ნანა მახარაძე იტალიიდან სამშობლოში დაბრუნდა
მარი ნანა მახარაძე, რომელსაც მთელი საქართველო 9 აპრილის დაუვიწყარი ფოტო კადრიდან იცნობს, თერთმეტწლიანი ემიგრაციიდან სამშობლოს დაუბრუნდა. ნანა ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დილა მშვიდობისა, საქართველო.
11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე დავბრუნდი…
უბრალოდ „ჩავაბარგე“ მთელი იტალია – ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი… და სახლში დავბრუნდი…
ვერ გიპასუხებთ, რას ვგრძნობ… უბრალოდ შ ი ნ ვარ …
ჩემს შვილთან, ჩემს ქვეყანაში.
ჩემს ემოციებს გაიგებენ ადამიანები, ვინც „შინ“ დასაბრუნებელი გზების გავლას, წლები ანდომებენ.
მადლობა, იტალია, შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული.
გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო!
P.S. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია, ვიპოვი ჩემს ადგილს. თუმცა, მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ“, – წერს ნანა მახარაძე ფეისბუქზე.
ნანა მახარაძეს დღეს მთელი საქართველო იცნობს 1989 წლის 9 აპრილის მეორე დღეს იური მეჩითოვის მიერ გადაღებული ფოტოს წყალობით, რომელზეც მას ხის მოზრდილი ტოტი უჭირავს, ზედ შემოხვეული შავი ნაჭრით (გლოვის ნიშნად), რომელიც ერთი შეხედვით საქართველოს დროშად აღიქმება.
„რაც შეეხება ცნობილ შავ-თეთრ ფოტოს, საშინელი დარბევის მეორე დღეს არის გადაღებული და ის ჩემთვის ისეთივე სიმბოლურია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. ბევრჯერ აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ, ფოტოზე იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ახალგაზრდა, ვისაც ქართულად უძგერდა გული…
…ფოტოს გადაღების მომენტი საერთოდ არ მახსოვს. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში იური მეჩითოვმა თქვა, ფოტო 9 აპრილის დარბევიდან მეორე დღეს, ვაკეშია გადაღებული. რაღაც მომენტში დაუნახავს მომავალი მანქანა, რომლიდანაც მოჩანდა ლამაზი გოგონა დროშით ხელში, მოეწონა და ფირზე აღბეჭდა“, – თქვა წლების შემდეგ ნანა მახარაძემ ინტერვიუში.
იგი ემიგრაციაში იტალიაში 2011 წელს წავიდა, საქართველოში კი ერთი ქალიშვილი დატოვა…
„მე 2011 წლიდან ემიგრანტი ვარ. ემიგრანტები თავისებურ „ელჩებად“ ვართ გაბნეულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ჩვენს წილ ქვეყანასა და პასუხისმგებლობას მუდამ თან ვატარებთ. ყველაზე ამაყი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ვარ… დამერწმუნეთ, მოვა დრო და საქართველო იქნება ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში. ჩემი ახალგაზრდა თაობის უდიდესი იმედი მაქვს, ისინი ხომ თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულები ფერადი თაობაა…“ – ამბობს ნანა მახარაძე „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
ნანა მახარაძემ ხუთი წლის წინ იტალიელ მარკო სბრაჯიზე იქორწინა და საქართველოში დაბრუნებამდე იტალიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ არეცოში ცხოვრობდა.
იგი საქართველოში იტალიელ მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.
მსგავს თემაზე:
„ჩემსავით დღემდე ამ ცნობილ ფოტოზე ვინ ხედავდით დროშას?“ – სინამდვილეში კი დროშა არ არის…
კომენტარები