საზოგადოებასაქართველო

ვაკის პარკის მებაღეს, რომელმაც შადრევნიდან დაშავებული ბავშვები ამოიყვანა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ეკოსერვისის“ თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის აუზიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ამოიყვანა, მშენებარე ბინა გადასცა, – ამის შესახებ მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც იგი აღნიშნავს, მალე მის ოჯახს ბინა სრულიად გარემონტებული ჩაბარდება.

„პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემს ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას. მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც“, – წერს მეზურნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში განახლებული შადრევნის გახსნის მეორე დღეს სამ ბავშვს დენმა დაარტყა, რომელთაგან ერთი მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული რამდენიმე ნაგებობა დაანგრია, მათ შორის, აცის, რომელიც 6 შვილს მარტო ზრდის.

ნაგებობების დანგრევის შემდეგ ფეისბუკზე საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მამა-შვილის ფოტომ. მიუხედავად იმისა, როგორც გაირკვა, ოჯახს სხვა საცხოვრებელიც ჰქონდა, იმავე საღამოს კახა კალაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ პირადად თავისი ოჯახის სახელით ბინას გადასცემს 6-შვილიან მამას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close