ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

ჰელოუინის აღნიშვნისას სეულში, სულ ცოტა, 154 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ახალგაზრდები (ვიდეო)

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დროს ჭყლეტის შედეგად, სულ ცოტა, 154 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის შედეგად კიდევ 133-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 14 ქვეყნის 26 უცხოელი მოქალაქეა, მათ შორის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, ვიეტნამის, უზბეკეთის, ნორვეგიის, ყაზახეთის, შრი-ლანკის, ტაილანდის და ავსტრიის.

როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, დაღუპული 154 ადამიანიდან 153-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. მათივე თქმით, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში ბევრი დაშავებულია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან, 20 წელზე ნაკლები ასაკის.

ეს ჰელოუინი ყველაზე მასშტაბური იყო სამხრეთ კორეაში ბოლო წლების განმავლობაში კოვიდ-19-ის შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად. ითევონის რაიონის ქუჩებში, რომელიც გართობის ძირითადი ადგილია სეულში ჰელოუინის დროს, 100 000-მდე ადამიანი გამოვიდა. ჭყლეტა შაბათ საღამოს, 22;22 სთ-ზე დაიწყო სასტუმრო „ჰამილტონთან“, სადაც ძალიან ვიწრო ქუჩაა.

წლევანდელი ჰელოუინი სამხრეთ კორეაში ყველაზე მსხვერპლიანი მოვლენა აღმოჩნდა 2014 წლის შემდეგ, როდესაც ბორანი Sewol-ი ჩაიძირა, რის შედეგადაც 304 უფროსკლასელი დაიღუპა.

მიმდინარეობს გამოძიება ტრაგედიის მიზეზების დასადგენად.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 30 ოქტომბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close