ქართველები უცხოეთშისპორტი

გოლი და ორი საგოლე გადაცემა „სასუოლოსთან“ – ხვიჩა კვარაცხელიამ „სტადიო მარადონაზე“ სანახაობა დადგა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია ერთმატჩიანი დასვენების შემდეგ („ჩემპიონთა ლიგაზე“ სპალეტიმ „რეინჯერსთან“ 26 ოქტომბერს ხვიჩა და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა – რედ.) დაბრუნდა და შესაძლოა, იტალიურ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა „ნაპოლიში“, რომელმაც „სასუოლოსთან“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 4:0.

ნაპოლიმსერია A-ს მე-12 ტურში დღეს, 29 ოქტომბერს სასუოლო“ „სტადიო მარადონაზე“ მიიღო და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. ეს ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის დამსახურება იყო, რომლებმაც ერთმანეთს კარგად გაუგეს და მეტოქეებისთვის საშიში დუეტი შექმნეს.

ნეაპოლელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-4 წუთზე, მარჯვენა ფლანგზე განვითარდა შეტევა, რომელიც დი ლორენცოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ვიქტორ ოსიმენს თავური პასით გაუგრძელა და ნიგერიელმა თავდამსხმელმა შანსი გოლად აქცია. მე-19 წუთზე ხვიჩამ მარჯვენა ფლანგზე ეფექტურად ითამაშა და ოსიმენს მეორე საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ორი საგოლე გადაცემის შემდეგ ხვიჩამ თავად გაიტანა – 36-ე წუთზე მარიო რუის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ იგი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ძლიერი დარტყმით მესამე ბურთი შეაგდო კარში. ტაიმის ბოლომდე კვარამ ორჯერ კიდევ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე კი ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა.

77-ე წუთზე ოსიმენმა მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. „სასუოლომ“ მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა – 84-ე წუთზე არმანდ ლორიენტემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

ნაპოლიმ“ მატჩი 4:0 მოიგო და 12 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ლიდერია და შემდეგ ტურამდე ვერ დაეწევა „მილანი“ (26), რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიამ  მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა (6 – იტალიის ჩემპიონატში), 8 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.

მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა თამაში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა: „კვარაცხელია – ის იდეალურია, ყველაფერი შეუძლია და ძალიან კარგი ბიჭია, რაც დღესაც გამოავლინა. თავდამსხმელებს დაცვაში დახევა და გუნდისთვის თამაში არ აინტერესებთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც დღეს კვარაცხელიამ გააკეთა – მან გუნდზე ითამაშა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close