ესპანეთში ტურინის სუდარიდან აღებული მონაცემებით ქრისტეს რეალისტური სკულპტურა შექმნეს
ესპანეთში, სალამანკის კათედრალში იესო ქრისტეს ჰიპერრეალისტური სკულპტურის გამოფენა გაიხსნა. Catholic News Agency-ს ცნობით, ხელოვანების ჯგუფმა სკულპტურა ტურინის სუდარიდან აღებული მონაცემების საფუძველზე შექმნა.
ლატექსისა და სილიკონისგან დამზადებული ქანდაკება, სახელწოდებით „მისტიკური კაცი“, დაახლოებით, 75 კილოგრამს იწონის.
გამოფენის ხელმძღვანელმა ალვარო ბლანკომ ჩანაფიქრის რეალიზაციასა და ისტორიული თუ მეცნიერული მონაცემების კვლევას თავისი ცხოვრების 15 წელი მიუძღვნა. გამოფენის პრეზენტაციისას ბლანკომ თქვა, რომ როდესაც პირველად დაინახა დასრულებული სხეული, დარწმუნდა, რომ მის „თვალწინ იესო ნაზარელევის სხეული იყო“. ხელოვანების ჯგუფმა სკულპტურა სწორედ ბლანკოს მითითებებით შექმნა.
ნამუშევარს ფეხები მოხრილი აქვს, ხელები კი მენჯის გასწვრივ აქვს გადაჯვარედინებული. კათოლიკური გამოცემის ცნობით, ხელოვანებმა ნამდვილი ადამიანის თმა გამოიყენეს და ეს თმა მთელ სხეულზე იდეალური სიზუსტით, ყველა დეტალის გათვალისწინებითაა დამაგრებული. ფიგურასთან მიახლოებულ დამთვალიერებელს შეუძლია დაინახოს კანის ფორები, ჭორფლები, წამწამები და წარბები. ფიგურას შუბლზე ასევე ეტყობა ეკლის გვირგვინის ტარებისგან დატოვებული კვალი, თმაზე კი პატარა ნაწნავი, რომლითაც ის უკანაა შეკრული. დამთვალიერებელს ასევე შეუძლია დაინახოს სისხლჩაქცევებიც მხრებზე, რომელიც ჯვრის მხრებით ტარების შედეგად უნდა გაჩენილიყო. სხეულს ასევე ეტყობა მათრახით ცემის კვალიც, ხელებსა და ფეხებზე კი, რასაკვირველია, ლურსმნის ჩარჭობის ნაკვალევი, ასევე მარჯვენა მხარეს, მე-5-სა და მე-6 ნეკნს შორის ჩანს ჭრილობაც. სკულპტურას ცხვირი გატეხილი აქვს, ხოლო მარჯვენა თვალი კი – დალურჯებული.
„მისტიკური კაცი“ სალამანკის კათედრალში 4-დან 6 თვემდე შუალედში იქნება დასვენებული. კომპანია ArtiSpendore-ის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, მათ სურთ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ქანდაკებამ მსოფლიოს ეკლესიები მოიაროს.
tabula.ge
კომენტარები