კინო/ფილმებიარტისტი

როგორ აღმოჩნდა ლევან უჩანეიშვილი ფილმ „სპირალში“ და რატომ ჩაშალა რამაზ კორინთელმა საერთაშორისო სიმპოზიუმი

რეჟისორმა გიული ჭოხონელიძემ ფილმი „სპირალი“ გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. ფილმი ტელესტუდიამ დააფინანსა და, ამდენად, მისი ორი – ტელე და კინოვარიანტი არსებობს. „სპირალმა“ ეკრანზე გამოსვლისთანავე (1990) დაიმსახურა მაყურებლის მოწონება და აღიარება მოუტანა როგორც რეჟისორსა და მასში მონაწილე მსახიობებს (ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლევან უჩანეიშვილი, გიული ჭოხონელიძე, ედიშერ მაღალაშვილი, ლია ელიავა, გია ლეჟავა, გურამ საღარაძე, ია ფარულავა…), ისე მთელ გადამღებ ჯგუფს. მახსოვს, იმ პერიოდში თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა ფილმის ჩვენება: ერთ კინოდარბაზში ფილმის პირველი და მეორე სერია გადიოდა, მეორეში – მესამე-მეოთხე.

მასალა „სპირალის“ რეჟისორთან, აწ გარდაცვლილ გიული ჭოხონელიძესთან, ოპერატორ ნუგზარ ნოზაძესთან და მთავარ მხატვარ ირინა ქურთიშვილთან საუბრის ჩანაწერია, რომელიც ჩემს არქივში ინახებოდა და ახლა, მცირედი შემოკლებით, თქვენ წინაშეა, ძვირფასო მკითხველო.

***

გიული ჭოხონელიძე: იმ პერიოდში რუმინელებთან ერთად „ანთიმოზ ივერიელის“ გადაღებას ვიწყებდი. მაშინ რუმინეთის კინემატოგრაფიის პრეზიდენტი იყო დოკუმენტურ-ქრონიკული ფილმების დიდოსტატი, მსოფლიოში ცნობილი პოპესკუ კოკუ, რომელიც, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა და საქმეებიც აირია.

გიული ჭოხონელიძე

დავიწყე ახალი თემის ძიება. ერთხელ აკაკი ბაქრაძესთან ერთად სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობდი. უცებ ბატონი აკაკი მომიბრუნდა და მითხრა: „გიული, თუ დაკვირვებიხარ, ფანჯიკიძის „სპირალი“ თავიდან ბოლომდე კინოა“. აკაკი ბაქრაძე ჩემი ახლო მეგობარი იყო, იგი კარგად ერკვეოდა კინოხელოვნებაში და მის აზრს მეც ყოველთვის ვიზიარებდი. ფაქტობრივად, „სპირალი“, როგორც ფილმი, თუ არსებობს, აკაკი ბაქრაძეს ამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

„სპირალის“ სცენარის დაწერა ვაჟა გიგაშვილს ვთხოვეთ, რომელშიც ძირითადი ხაზი, ცხადია, დარჩა, მაგრამ მთლიანობაში რომანი მაინც გადავაკეთეთ. სხვათა შორის, ლონდონიდან ახლაც მირეკავენ და ფილმის ფაბულას მთხოვენ… ჯერჯერობით უარს ვეუბნები, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება…

გურამ ფანჯიკიძის „სპირალი“ თავიდან ბოლომდე თითქოს მართლაც კინოსცენარიამისი გადაკეთება რატომ გადაწყვიტეთ?

უფრო მეტი მასშტაბურობისთვის…

ბატონ გურამ სცენარი წინასწარ აჩვენეთ?

არა, წინასწარ არ გვიჩვენებია. უბრალოდ, ვუთხარით მას ამის შესახებ. გურამიც გვენდო. კინოსტუდიამ მისი რომანი შეისყიდა…

როდესაც ფილმი ნახა, რა თქვა?

ძალიან მოეწონა. ბევრი ისეთი რაღაცებია გამოგონილი, რომ აღფრთოვანებული დარჩა. ლევან უჩანეიშვილი, რამაზ კორინთელის როლის შემსრულებელი, საერთაშორისო სიმპოზიუმზე წავიყვანე. ორასი უცხოელი იჯდა დარბაზში. ლევანი შუა დარბაზში დავსვი. წინასწარ არავინ გავაფრთხილე, რის გაკეთებასაც ვაპირებდი. შეიძლება ითქვას, რომ გავრისკე. სიმპოზიუმის მსვლელობის დროს უჩანეიშვილი უცებ წამოდგა და დაიყვირა: „მე ვარ ის, ვინც მსოფლიო უნდა დაიპყროს, მე ვარ რეალ…“ ხალხი გაშტერებული უყურებდა. ბოდიში მოვიხადეთ, კინოგადაღებაა-მეთქი, მაგრამ… სიმპოზიუმი ჩაიშალა.

რომანში კორინთელი მაღაზიას ქურდავს. მაღაზიის გაქურდვა არ იყო მაინცდამაინც დიდი ამბავი. სწორედ იმ პერიოდში ერევანში საოცარი ფაქტი მოხდა: დღის სამ საათზე ბანკი გაძარცვეს. ჩემმა სომეხმა მეგობრებმა დეტალურად მიამბეს და მეც თითქმის ზუსტად გადავიტანე ეს ამბავი ფილმში. რომან გვენცაძე ჩემი ძმაკაცი იყო და მას ვთხოვე დახმარება. თექვსმეტი „სენატორი“ (უცხოური მანქანა) მყავს, თექვსმეტივე შენს განკარგულებაში იქნებაო, დამპირდა. ამ ეპიზოდს ცენტრალური ბანკის შენობაში ვიღებდით. „სენატორები“ ქუჩაში სირენების წივილით რომ გამოჩნდნენ, ხალხს მართლა ეგონა, რომ ბანკს ძარცვავდნენ…

ასევე, რომანის მიხედვით, კორინთელი ძალიან მსუბუქ ავარიაში ხვდება.  სიტუაცია უფრო გავამძაფრე. მეტეხთან ხიდის მოაჯირის ერთი ნაწილი ამოვაღებინეთ და მის ადგილას ბუტაფორიული ბარიერი ჩავდგით, რომელიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს გავაკეთებინეთ. ლენინგრადიდან სპეციალურად ჩამოვიყვანეთ კასკადიორები იმ ეპიზოდის გადასაღებად, როდესაც „კაიფში“ მყოფი კორინთელი „ჟიგულით“ ხიდიდან მტკვარში ვარდება. უჩანეიშვილის მაგივრად მანქანას, ცხადია, დუბლიორი მართავდა. „ჟიგულმა“ ბარიერი გაგლიჯა და მტკვარში გაფრინდა, დუბლიორი კი ბარიერს აქეთ დარჩა. სხვათა შორის, ის „ჟიგული“ დღემდე მტკვარში აგდია. მაგარი ბაგირი მოგვთხოვეს, „ჟიგული“ წყალში რომ ჩავარდება, მერე ამოვიღებთო, მაგრამ ჩვენებმა ესეც კი ვერ მოახერხეს – ჟანგიანი ბაგირი მოიტანეს, რომელიც უცებ გაწყდა და მანქანა ისევ ფსკერისკენ წავიდა. სად არის, ღმერთმა უწყის, ვერ ამოიღეს.

მანქანა ვისი იყო?

კინოსტუდიას ჰქონდა შესყიდული. ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უჩანეიშვილს ყველგან თან დაჰქონდა კასეტა და სადაც კი რამე როლი უთამაშია, ყველგან აჩვენებდა. სხვათა შორის, კორინთელის როლზე იმ პერიოდის აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდა მსახიობი გავსინჯე, მათ შორის, რეზო ჩხიკვიშვილი (რომელსაც შემდეგ პატარა როლი მივეცი) და გია ბურჯანაძე, მაგრამ უჩანეიშვილს ისეთი ჰაბიტუსი ჰქონდა, რომ მართლა ტვინგადანერგილ კაცს ჰგავდა, ამიტომ არჩევანი მასზე შევაჩერე. ლევანი ძალიან ბევრს მუშაობდა. ისწავლა როიალზე დაკვრა, ინგლისური ენა, ვარჯიშის შედეგად უფრო ათლეტური გახდა…

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თავადვე ვასრულებ. სხვათა შორის, მე და ჩემი ოპერატორი მოსკოვში სპეციალურად იმ კლინიკაში შევედით, სადაც ტრეპანაციები კეთდება და მთელი ეს პროცესი ფირზე გადავიღეთ. ეს კადრები შემდგომში ფილმში შევიდა… საერთოდ, კარგ ინტერიერებს ვეძებდით და გადაღებას ისე ვიწყებდით…

ია ფარულავა

კადრს მიღმა რა ხდებოდა, ბატონო გიული? თუ გადაიღეთ ისეთი ეპიზოდი, რომელიც შემდეგ ფილმში არ შევიდა?

ფილმს სცენარის მიხედვით ვიღებდით, ამიტომ ასეთი ეპიზოდი არ ყოფილა, მაგრამ მახსოვს, უჩანეიშვილსა და ედიშერ მაღალაშვილს (ფილმში – ოთარ კახიშვილი) საკმაოდ დიდ ეპიზოდში ვიღებდით. გადაღების დროს თურმე სისტემაში სიხშირე დავარდა, ჩვენ ეს არ ვიცოდით და მთელი გადაღებული ფირი წუნი აღმოჩნდა. შემდეგ ეს ეპიზოდი ხელახლა გადავიღეთ. სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინ შემხვდა ბატონი ედიშერი და მითხრა: შენს სურათში რა ლამაზი ვარ და ახლა რას ვგავარო (ვფიქრობ, წარმოიდგინეთ, რომ ამ ფაქტის მოყოლისას იცინის – ავტ.)…

მინდა კიდევ ერთი კურიოზის შესახებ მოგითხროთ. პროფესორის დაკრძალვის სცენა რეალურად გადავიღეთ. ჩემ ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ ვინმე ცნობილი მეცნიერი თუ გარდაიცვლებოდა, მაშინვე ჩემთვის უნდა შეეტყობინებინათ. იმ პერიოდში მართლაც გარდაიცვალა ერთი ცნობილი ფიზიკოსი. ოჯახს ვთხოვე, რომ გადაღების ნება დაერთოთ. უარი არ უთქვამთ. მივედით. თქვენც ხედავთ, როგორ დგას ლევან უჩანეიშვილი ჭირისუფლებს შორის, იქვეა ლია ელიავაც… შემდეგ კორინთელი კუბოსაც ეწევა… ოპერატორს რომ ვკითხე, როგორი კადრი გამოვიდა-მეთქი, მხრები აიჩეჩა. გავგიჟდი, ლამის ვიყვირე, მიცვალებული უკან დააბრუნეთ-მეთქი… ეს კიდევ არაფერი, საღამოს მირეკავს გარდაცვლილი მეცნიერს შვილი, რას კადრულობთო?! როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ კადრებს იღებდა ტელევიზია ეკრანზე გასაშვებად (ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების გამო) და როცა ტელევიზიით ვერ იხილეს, აღშფოთდნენ…

ირინა ქურთიშვილი მთავარი მხატვარი:

ჩემთვის მოულოდნელი იყო „სპირალზე“ მუშაობის დაწყება. აკადემიაში გამოცდები ჩავაბარე (კინოს მხატვრობაზე ვსწავლობდი) და 13 ივნისს ტალინში უნდა გავფრენილიყავი. შვიდ ივნისს სტუდიაში მივედი და… ცხადია, ბილეთის უკან დაბრუნება მომიხდა. გადაღებები 1989 წლის 21 ოქტომბერს, რუსთაველზე, სახელმწიფო მუზეუმის წინ დავიწყეთ – ცხრა აპრილი უკვე მომხდარი იყო, ქვეყანაში არეულობა და ქაოსი სუფევდა. მიტინგებს ახლა მივეჩვიეთ, თორემ მაშინ გზები რომ იკეტებოდა, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მახსოვს, ნება დაგვრთეს, რომ პროფესორის დაკრძალვის სცენა პარლამენტის შენობაში გადაგვეღო. კამერული სცენა იყო – ოთხკაციანი. მთავარი კარი დახურული იყო. ჩვენ შიგნით ვიღებდით, გარეთ კი არეულობა იყო. მახსოვს, თეთრ ლაბადაში გამოწყობილი ლევანი შემოვარდებოდა ხოლმე და ამბებს გვიყვებოდა…

ერთხელ გადაღების დროს საავადმყოფოში შუქი გაითიშა. იმ ეპიზოდს რეალურად ვიღებდით მერვე საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. ასე, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცს თავში სიმსივნე ჰქონდა და ოპერაციას უკეთებდნენ. თავიდანვე უარი ვთქვი, ოპერაციაზე ვერ შემოვალ, მხოლოდ ოთახს მოგიმზადებთ-მეთქი. საოპერაციოში მხოლოდ ოპერატორი და ასისტენტი შევიდნენ. დაიწყო ოპერაცია და რამდენიმე წუთში შუქი არ გაითიშა? ატყდა ერთი ამბავი. კიდევ კარგი, გენერატორი ჰქონდათ და ჩართეს, თორემ ალბათ ის ახალგაზრდა კაცი ვერ გადარჩებოდა. მერე ამბობდნენ, ეს კადრი ისე კარგადაა დამონტაჟებული, თითქოს მართლა ლევან უჩანეიშვილი წევს იმ საოპერაციოშიო.

ლევანი, საერთოდ, ძალიან ბევრს მუშაობდა ამ ფილმზე. მახსოვს, სიკვდილის წინა სცენის გადაღებისთვის, ოთხი-ხუთი დღე იშიმშილა. ეს ფილმში სახეზეც აშკარად ეტყობა. მართალია გრიმი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ ის ოთხი-ხუთი დღე თითქმის არაფერს ჭამდა. მერე საავადმყოფოში დადიოდა და აკვირდებოდა, როგორ იქცეოდნენ ავადმყოფები, ვისაც ასეთი ოპერაციები ჰქონდათ გაკეთებული. თუ გახსოვთ ის სცენა, საავადმყოფოდან რომ გამოდის და ქუდი ახურავს? ბატონ გიულის არ უნდოდა, ეს ქუდი ხურებოდა, მაგრამ ლევანი გვარწმუნებდა, აუცილებლად უნდა ეხუროს, რადგან გარეთ ცივაო. ამიტომ დავუტოვეთ, თორემ არ უხდება. ქუდი თვითონვე მოიტანა. საერთოდ, თითქმის ყველაფერი სახლიდან მოგვქონდა ან ახლობლებისგან ვთხოულობდით. ლევანს აქვს ერთი სცენა – „ბაბოჩკით“ რომ გამოცხადდება. ასე გამოწყობილი გადაღებაზე თავისი ინიციატივით მოვიდა. არც მე და არც კოსტიუმების მხატვარს არაფერი გვითქვამს – არ ვერეოდით ხოლმე მის ჩაცმულობაში..

ნუგზარ ნოზაძე:

ჩაცმაზე ერთ კურიოზს მოგიყვებით: ის ეპიზოდი უნდა გადაგვეღო, როცა ოპერაციის შემდგომ კორინთელისთვის ბინტები უნდა მოეხსნათ. ცხადია, ბატონ გიულის უნდა გაეკეთებინა ეს. საოპერაციოში ვართ. მე კამერასთან ვდგავარ და გადასაღებად ვემზადები. ბატონი გიული მეუბნება: „დავიწყოთ გადაღება!“ „დავიწყოთ, ბატონო გიული!“ – ვეთანხმები. თვითონ კადრშია. კიდევ მეუბნება „დავიწყოთ გადაღება!“ „დავიწყოთ, ბატონო გიული“, – ისევ ვპასუხობ და ველოდები, რომ თეთრ ხალათს ჩაიცვამს და ისე გაუჭრის ბინტს. კიდევ რამდენჯერმე რომ მითხრა, დავიწყოთ გადაღებაო, თეთრი ხალათი ჩაიცვით-მეთქი, ვუთხარი. კარგიო, მიპასუხა, მაგრამ… ამასობაში კოსტიუმების მხატვარი მოვიდა და იმანაც მითხრა: გადაიღე, რატომ არ იღებო? როგორ გადავიღო, თეთრი ხალათი არ აცვია-მეთქი… მაგას დღეს ახალი კოსტიუმი აცვია და ვარიანტი არ არის, მასე გადაიღეო… რას ვიზამდი? – გადავიღე…

ნუგზარ ნოზაძე

***

ცხადია ბატონ გიულის ვკითხე: მართლა ამიტომ არ ჩაიცვით თეთრი ხალათი, ბატონო გიული?

„კი…თანამედროვე ხასიათი უნდა შეგვეძინა სურათისთვის…“ – მივიღე პასუხად.

***

ფილმს რომ თანამედროვე ხასიათი აქვს, ფაქტია. საერთოდ კი, თუ როგორ ებრძვის სული სხეულს და რით დასრულდება ეს ჭიდილი, ფილმში შესანიშნავად არის გადმოცემული.

თამარ ოთიაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: ლევან უჩანეიშვილის საოცარი წერილი „საყოველთაო ბებიას“ – სესილია თაყაიშვილს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close