შეუცნობელი

გქონიათ ოდესმე იმის უცნაური განცდა, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია ადრეც განგიცდიათ – რა არის დეჟავიუ

გქონიათ ოდესმე იმის უცნაური განცდა, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია ადრეც განგიცდიათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლებელია?

ხანდახან შეიძლება ისიც მოგეჩვენოთ, რომ თითქოს რაღაც უკვე მომხდარს იმეორებთ. ამ ფენომენს დეჟავიუს უწოდებენ და უკვე დიდი ხანია, საგონებელში აგდებს ფილოსოფოსებს, ნევროლოგებსა თუ მწერლებს.

1800-იანი წლების ბოლოდან დაწყებული, დეჟავიუს გამომწვევ მიზეზთა შესახებ მრავალი თეორია გაჩნდა. ეს სიტყვა, déjà vu, ფრანგულად „უკვე ნანახს“ ნიშნავს.

ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს ფსიქიკური დისფუნქციით ან ტვინის რაიმე პრობლემით. ანდა შეიძლება წარმოადგენდა ადამიანის მეხსიერების სხვა მხრივ ნორმალურად მუშაობის დროებით შეფერხებას, თუმცა ამ საკითხმა მეცნიერების სამეფოში მხოლოდ ბოლო პერიოდშიღა შეაღწია.

პარანორმალურიდან სამეცნიეროში გადანაცვლება

ახალი ათასწლეულის დასაწყისში მეცნიერმა ადამ ბრაუნმა გადაწყვიტა გადაეხედა ყველაფრისთვის, რაც იმ დრომდე ჰქონდათ მკვლევრებს დაწერილი დეჟავიუს შესახებ.

ბევრ რამეს, რასაც ის წააწყდა, პარანორმალური ელფერი ჰქონდა, თითქოს ზებუნებრივით უნდა ყოფილიყო გამოწვეული – წარსული ცხოვრებით ან ფსიქიკური შესაძლებლობებით, თუმცა ასევე მიაგნო კვლევებს, რომლებშიც მიმოხილული იყო დეჟავიუგანცდილი ჩვეულებრივი ადამიანები.

ყველა ამ პუბლიკაციიდან ბრაუნმა დეჟავიუს ფენომენის შესახებ გარკვეულ აღმოჩენათა შეჯერება შეძლო.

მაგალითად, ბრაუნმა განსაზღვრა, რომ ცხოვრების რაღაც მომენტში დეჟავიუს ადამიანთა დაახლოებით ორი მესამედი განიცდის; დაადგინა, რომ დეჟავიუს ყველაზე გავრცელებული გამომწვევია გარემოება ან ადგილი, შემდეგი ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი – საუბარი.

საუკუნის განმავლობაში გამოცემული სამედიცინო ლიტერატურის მიმოხილვის შემდეგ იგი ასევე იუწყებოდა მინიშნებებზე დეჟავიუსა და თავის ტვინის გარკვეულ შეტევით აქტივობას შორის შესაძლო კავშირზე.

ბრაუნის მიმოხილვამ დეჟავიუს თემა უფრო მეცნიერების წამყვან სფეროში შეიყვანა, რადგან გამოჩნდა როგორც სამეცნიერო ჟურნალში, ისე წიგნში. მისმა ნაშრომმა მეცნიერებისთვის კატალიზატორის როლი შეასრულა, რათა დეჟავიუს შესასწავლად ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ.

დეჟავიუს დატესტვა ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში

ბრაუნის ნაშრომით შეგულიანებულმა კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა, რომელსაც კოგნიტური ფსიქოლოგიის პროფესორი ენ კლირი ხელმძღვანელობდა, ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, რომელთა მიზანიც დეჟავიუს შესაძლო მექანიზმთა ჰიპოთეზების შემოწმება იყო.

იკვლევდნენ თითქმის საუკუნის ასაკის ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, დეჟავიუ შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც არსებობს სივრცული მსგავსება ამჟამინდელ სცენასა და მეხსიერებაში არსებულ გაუხსენებელ სცენას შორის. მეცნიერები მას გეშტალტის ნაცნობობის ჰიპოთეზას უწოდებენ.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ საავადმყოფოში, ავადმყოფი მეგობრის სანახავად მისულმა, ჯერ საექთნო განყოფილება უნდა გაიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საავადმყოფოში იქამდე არასოდეს ყოფილხართ, გეუფლებათ განცდა, რომ იქ ადრეც ნამყოფი ხართ.

დეჟავიუს ამ განცდის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს გარემოს (სცენის) განლაგება, მათ შორის, სივრცეში ავეჯისა და კონკრეტული ობიექტების ადგილმდებარეობა, რაც იმავე განლაგებისაა, რაც წარსულში ნანახ სხვა სცენას ჰქონდა.

შესაძლოა, საექთნო განყოფილების მდებარეობა – ავეჯი, შემხვედრი ნივთები, დერეფნის შეერთება კუთხეებთან – იგივეა, რაც წინა წელს სკოლის ან უნივერსიტეტის შესასვლელში იყო.

გეშტალტის ნაცნობობის ჰიპოთეზის მიხედვით, თუკი არ გაგახსენდებათ ამჟამინდელის მსგავსი განლაგების მქონე ასეთი წინა სიტუაცია, შეიძლება მხოლოდ ამჟამინდელის ნაცნობობის ძლიერი განცდა დაგეუფლოთ.

ამ მოსაზრების ლაბორატორიაში შესამოწმებლად ჯგუფმა სცენაზე ხალხი ვირტუალური რეალობის დახმარებით შემოიყვანა. ამ გზით შესაძლებელია იმ გარემოს მანიპულირება, რომელშიც ადამიანები არიან – ზოგიერთ სცენას ერთნაირი სივრცული განლაგება აქვს, ზოგსაც სხვანაირი.

როგორც პროგნოზირებული იყო, დეჟავიუ უფრო დიდი ალბათობით მაშინ ხდებოდა, როდესაც ადამიანები იმყოფებოდნენ სცენაზე, რომელიც ელემენტთა ისეთივე სივრცულ განლაგებას შეიცავდა, როგორსაც მათ მიერ ნანახი წინა სცენა, რომელიც არ ახსოვდათ.

ეს კვლევა მიუთითებს, რომ დეჟავიუს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს ახალი სცენის სივრცული მსგავსება მეხსიერებაში არსებულთან, რომლის ცნობიერად გახსენებაც იმ მომენტში ვერ ხერხდება.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სივრცული მსგავსება დეჟავიუს ერთადერთი მიზეზია. დიდი ალბათობით, მრავალი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს იმას, რომ სცენა ან სიტუაცია ნაცნობად შეიგრძნოთ. ამ იდუმალი ფენომენის გამომწვევ სხვა შესაძლო ფაქტორთა შესასწავლად სხვა კვლევებიც მიმდინარეობს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close