fbpx
პოლიტიკაარტისტი

პუგაჩოვა რუსეთიდან საბოლოოდ წავიდა – მომღერალი „პადმასკოვიეში“ თავის სასახლეს ყიდის

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან ახლოს, სოფელ გრიაზში (Грязь) მდებარე თავისი ადგილ-მამული, მასზე აგებული სასახლითურთ გასაყიდად გამოიტანა, თავად კი შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში წავიდა, სადაც მისი ახალგაზრდა (46 წლის) მეუღლე მაქსიმ გალკინიც იმყოფება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, პუგაჩოვას ისრაელის პასპორტი აქვს. 

„კომსომოლსკაია პრავდას“ ცნობით, მომღერლის ავტომობილი „შევროლე ექსპრესი“ 29 სექტემბერს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტის რაიონში შენიშნეს. „იზვესტია“ კი წერს, რომ ალა უკან დასაბრუნებელი ბილეთის გარეშე გაფრინდა ისრაელში ბავშვებთან – ლიზასა და გარისთან ერთად.

რუსული მედიის ცნობით, მომღერლის ახლო გარემოცვას მისი რუსეთიდან გამგზავრება ჯერ არ დაუდასტურებია და არც უარუყვია.

ალა პუგაჩოვას მამული სასახლითურთ 1 მილიარდ რუბლად არის შეფასებული. იქ ახლა მისი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი ცხოვრობს.

Solenka.info-ს ცნობით, სასახლის თანამფლობელია მაქსიმ გალკინიც. ამავე გამოცემის დაუდასტურებელი  ინფორმაციით, მეუღლეები იმედოვნებენ, რომ მას 10 მლნ დოლარად გაყიდიან (რაც ამჟამინდელი კურსით 550-570 მლნ რუბლია).

6-სართულიანი სასახლე ვიქტორიანულ სტილშია აგებული. მისი საცხოვრებლის ფართი დაახლ. 2000 კვადრატული მეტრია, აქვს ზამთრის ბაღი, ობსერვატორია, სპორტკომპლექსი, მიწისქვეშა ავტოფარეხი, ლიფტი და კინოთეატრი. მის გვერდით არის ამფითეატრი ანტიკურ სტილში, ფლიგელი და აბანო-აუზი.

პუგაჩოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც გაემგზავრა ისრაელში, თუმცა აგვისტოს ბოლოს ბავშვებითურთ მოსკოვში დაბრუნდა, როგორც თავად განაცხადა, სასწავლო წლის დაწყების გამო. პროდიუსერი ვლადიმირ გინზბურგი ვარაუდობს, რომ პრიმადონა მოსკოვში სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ „პადმასკოვიეში“ მდებარე თავისი ადგილ-მამულის გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები მოეგვარებინა. ამ სასახლის გარდა მომღერალს აქვს ბინა მოსკოვშიც, თუმცა აპირებს თუ არა მის გაყიდვასაც, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ალამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მისი „ინოაგენტად“ (უცხო ქვეყნის აგენტი) აღიარების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად აღიარეს და  დააბრალეს, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, რისთვისაც უკრაინისგან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას. ამ ჟესტით მან გალკინს სოლიდარობა გამოუცხადა. მაქსიმ გალკინი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პროფესიას ემსახურება, არანაირ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ეწევა და არც უკრაინა აფინანსებს. ალასგან განსხვავებით, რუსეთიდან გამგზავრების შემდეგ გალკინი იქ აღარ დაბრუნებულა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close