დღის თემასაქართველო

29 წლის წინათ აფხაზეთში ნამღერი „მრავალჟამიერი“ – 29 წლის წინათ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა (ვიდეო)

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა სოხუმი დატოვეს.

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და უწყების 27 თანამშრომელთან ერთად ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია. შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბესკირია, რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე: „დაიჩოქე!“ – პასუხობს: „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“.

ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, აფხაზეთიდან დევნილი 250 ათასზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ. მათი დიდი ნაწილი სამშვიდობოს სვანეთის უღელტეხილის გავლით გადმოვიდა. გზაში ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები.

აფხაზეთის დროებით დაკარგვის მტკივნეულ საკითხს თავის ქადაგებებში არაერთხელ გამოხმაურებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

„აფხაზეთის დაცემაც, – ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც…

ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატრიალდა, არ არის არც ქართველებისა და არც აფხაზებისა და ოსების ბრალი – ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი…

მე მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ჩვენთანაა, ე.ი. ღვთის მადლიც ჩვენთანაა და მჯერა, აფხაზები, ოსები და სხვებიც იგრძნობენ ამას. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ აფხაზების გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს წიაღში ყოფნით. ეს უნდა ახსოვდეთ მათ, უნდა გააცნობიერონ კარგად, რომ ისინი მხოლოდ საქართველოში გადარჩებიან. თუ ეს არ მოხდა, აფხაზეთი იქნება და აფხაზები აღარ იქნებიან, სამწუხაროდ…

მაგრამ იმედი მაქვს იმისაც, რომ ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენი მხრივ, ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს შერიგება რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები აფხაზებთან ერთად ერთ ძეგლს ააგებენ ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის“.

პატრიარქის ამ იმედიან ქადაგებას ყველაზე კარგად ეხმიანება 29 წლის წინათ სამშობლოს ჯარისკაცებად ქცეული ფიზიკოსების ჯგუფის ნამღერი „მრავალჟამიერი“.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close