fbpx
მსოფლიოკრიმინალი

უპრეცედენტო თაღლითობა ამერიკაში – 47 ადამიანს ბრალი წაუყენეს ბავშვთა კვების თანხიდან 250 მილიონი დოლარის მითვისებისთვის

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ 47 ადამიანს ბრალი წაუყენეს კოვიდპანდემიის დროს მთავრობის მიერ ბავშვების საკვებისთვის გამოყოფილი თანხიდან 250 მილიონი დოლარზე მეტი თანხის მითვისებისთვის. ამის შესახებ CBS News-ი იუწყება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულები საკვების ყალბ ჩეკებს ბეჭდავდნენ, ხოლო დოკუმენტებში ნახსენები ბავშვები, რომლებისთვისაც საკვები იყო განკუთვნილი, საერთოდ არ არსებობდნენ.

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის,  კრისტოფერ რეის თქმით, გამოვლენილი თაღლითობა  უპრეცედენტო მასშტაბისაა.

უკანონოდ მითვისებული მილიონებით ბრალდებულებმა აშშ-ში, თურქეთსა და კენიაში უძრავი ქონება, ძვირადღირებული მანქანები და ფუფუნების საგნები შეიძინეს. იუსტიციის სამინისტრო ცდილობს ამ შენაძენების – 20-ზე მეტი მანქანის, 40-ზე მეტი უძრავი ქონების, იარაღის, კრიპტოვალუტისა და სხვა ნივთების კონფისკაცია მოახდინოს.

გამოძიების თანახმად, თაღლითური სქემა მინესოტაში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაციის „გამოკვებე ჩვენი მომავალი“ (Feeding Our Future) ხელმძღვანელობით შეიქმნა, თუმცა ორგანიზაციის დამფუძნებელი, 41 წლის ეიმი ბოკი (Aimee Bock) დანაშაულს არ აღიარებს. იგი იმ 47 ადამიანს შორისაა, რომლებსაც ბრალი წაუყენეს.

ეიმი ბოკი

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს აშშ-ის მთავრობის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც კერძო რესტორნებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ფინანსური დახმარება, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ბავშვებისთვის საკვები დაერიგებინათ.

თაღლითური სქემის მონაწილეებს ბრალად ედებათ ფულის გათეთრება და ქრთამის აღება.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობა გააგრძელებს იმ პირთა გამოვლენას, რომლებიც პანდემიის დროს მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close