fbpx
მსოფლიოპოლიტიკაარტისტი

ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უცხო ქვეყნის აგენტად აღიარებას სთხოვს

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ იუსტიციის სამინისტროს მისი უცხო ქვეყნის აგენტად (иноагент) აღიარება სთხოვა მეუღლის, პაროდისტის და ტელეწამყვანის, მაქსიმ გალკინის „ინოაგენტად“ აღიარების შემდეგ, მისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ამ თემის ირგვლივ ეს ალა პუგაჩოვას პირველი საჯარო განცხადებაა, მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი კი რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღეებიდან ღიად გამოვიდა ომის წინააღმდეგ და კრემლის პოლიტიკა რამდენჯერმე გააკრიტიკა. 

გალკინმა ბუჩაში რუსი ჯარისკაცების ომის დანაშაულებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ომს გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. ალა პუგაჩოვამ უკვე რამდენჯერმე მიანიშნა თავის ანტისაომარ პოზიციაზე, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებაზე პირდაპირი კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, გალკინს და პუგაჩოვას ამის გამო რუსეთის დატოვება მოუწიათ თავიანთ 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ისინი ისრაელში ცხოვრობდნენ, შემდეგ ალა ლატვიაში, იურმალაში დაბრუნდა, ხოლო სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შვილებთან ერთად – რუსეთში. გალკინი კი ისევ საზღვარგარეთ დარჩა.

იუსტიციის სამინისტრომ ტელეწამყვანი და პაროდისტი მაქსიმ გალკინი ფიზიკურ პირთა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში გასულ პარასკევს შეიყვანა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იგი პოლიტიკურ მიღვაწეობას ეწევა და უკრაინისგან ფინანსდება. გალკინმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ იგი „ინოაგენტად“ გამომოგონილი მიზეზით გამოაცხადეს, რადგან არც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და არც უკრაინისგან ფინანსდება.

მაქსიმ გალკინი „რუსეთის ჭეშმარიტი და მოუსყიდავი პატრიოტია“, რომელსაც სურს „ჩვენი ბიჭების ხოცვის დასრულება ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულად აქცევს და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს“, – დაწერა ალა პუგაჩოვამ კვირას, 18 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by ALLA PUGACHEVA (@alla_orfey)

მისმა პოსტმა 2 დღეში 765 ათასამდე მოწონება დაიმსახურა, სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა  თავისი საყვარელი სიმღერები გააზიარა ალას შესრულებით, ალას პოსტს დადებითად გამოეხმაურა რამდენიმე ცნობილი ადამიანი, მათ შორის, ქსენია სობჩაკიც.

რუსეთის ხელისუფლებას ალას მიმართვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close