მსოფლიოპოლიტიკა

გარდაიცვალა მიხაილ გორბაჩოვი – საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა მიხაილ გორბაჩოვი, ყოფილი სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო TASS-მა გაავრცელა, რომელსაც ფაქტი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მიხეილ გორბაჩოვი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა სამშაბათს, 30 აგვისტოს, საღამოს.

მიხაილ გორბაჩოვი სსრ კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო.

იგი პრეზიდენტად 1990 წლის თებერვალში აირჩიეს. 1991 წლის აგვისტოში ე. წ. პუტჩისტები – უმაღლესი საბჭოთა ხელმძღვანელების ჯგუფი მის გადაგდებას შეეცადა, მათ შექმნეს საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო კომიტეტი (ე. წ. გეკაჩეპე – ГКЧП), მაგრამ პუტჩი ჩავარდა.

გორბაჩოვის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 1991 წლის დეკემბერში შეწყდა – მას შემდეგ, რაც რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას სსრ კავშირის ლიკვიდაციისა და ესენგეს (СНГ – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი) შექმნის შესახებ.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გორბაჩოვი სათავეში ჩაუდგა „გორბაჩოვ- ფონდს“, რომელიც რუსეთისა და მსოფლიო ისტორიის პრობლემების კვლევით იყო დაკავებული. 1996 წელს გორბაჩოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ხმების 0,51% მოაგროვა.

მიხაილ გორბაჩოვს 1990 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.

რუსეთში იგი ბევრს არ უყვარდა და მას სიკვდილს უსურვებდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. სხვათა შორის, ბელოვეჟის შეთანხმების ხელმომწერი პრეზიდენტები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალდნენ: ცოტა ხნის წინ, 2022 წლის 3 მაისს გარდაიცვალა დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი პრეზიდენტი სტანისლავ შუშკევითი, 10 მაისს კი – დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close