მსოფლიოპოლიტიკა

შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული წესის შეჩერება იგეგმება

ევროკავშირი რუსეთთან 2007 წელს გაფორმებული სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უპირატესობებს ანიჭებდა ვიზების მოპოვების პროცესში. ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში დღეს, 30 აგვისტოს დაიწყო, ევროკავშირის მინისტრები გეგმავენ, მხარი დაუჭირონ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების გაუქმებას.

ევროკავშირმა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესმენებისათვის ვიზების გაცემის გამარტივების ხელშეკრულების რამდენიმე პუნქტის მოქმედება უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე შეაჩერა. ახლა კი საუბარია ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული წესის შეჩერებაზე.

2007 წლის შეთანხმების გაყინვის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოსახვედრად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ, რაც ვიზებს გააძვირებს, მათი მიღების ლოდინის პერიოდს კი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული საკითხი ბლოკის უახლეს გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ცდილობს, 27 წევრი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებით, მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთის დასაჯოს, თუმცა ამ ერთიანობას, როგორც Bloomberg-ის ინფორმაცია მოწმობს, ბზარი უკვე გაუჩნდა.

როგორც Bloomberg-ი წერს, პარიზი და ბერლინი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს არ უჭერენ.

საფრანგეთსა და გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ვიზების გაცემა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის უნდა იყოს შეზღუდული, სტუდენტებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და სხვა კატეგორიის ჯგუფებს კი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა აეკრძალოთ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close