საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ჩემპიონი უკრაინა გახდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ინდოეთში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ნაკრების წევრებმა – ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამ, ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ გუნდურ შეჯიბრებაში თვრამეტი ქულა მოაგროვეს და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩნენ უკრაინის ნაკრებს, რომელმაც ასევე 18 ქულა მოიპოვა.
ბოლო ტურის წინ საქართველო მეხუთე პოზიციაზე იყო თექვსმეტი ქულით (17 ტურის შემდეგ). მისი მეტოქე ბოლო, მე-18 ტურში – აზერბაიჯანის ნაკრები კი მესამე ადგილს იკავებდა. ქართველმა ქალებმა აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 3:1.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მსგავსი სიტუაცია შეიქმნა 14 წლის წინათ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გერმანიაში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე – მაშინაც საქართველოსა და უკრაინის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებებმა გაინაწილეს ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი, ოღონდ 2008 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა ჩემპიონი, უკრაინის ნაკრები კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
საქართველოს მოჭადრაკეთა ვაჟთა ნაკრებმა ინდოეთში გამართულ ოლიმპიადაზე მხოლოდ 23-ე ადგილი დაიკავა თოთხმეტი ქულით.
კომენტარები