მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

33-საათიანი ოპერაციის შემდეგ თავებით შეზრდილი სიამის ტყუპები გააცალკევეს

33-საათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ბრაზილიაში წარმატებით გააცალკევეს სიამის ტყუპები, რომლებიც ერთმანეთთან თავის ტვინით იყვნენ შეზრდილები.

სამი წლის ბიჭებს, ბერნარდო და არტურ ლიმებს რიო დე ჟანეიროში ბრიტანელი ქირურგის ზედამხედველობით შვიდი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ბოლო ორ ოპერაციას 33 საათი დასჭირდა და მასში სამედიცინო პერსონალის ასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

რეალური პროცედურების დაწყებამდე, ვირტუალური რეალობის დახმარებით, ქირურგები თვეების განმავლობაში სწავლობდნენ მეთოდებს, რომლებიც ოპერაციებში უნდა გამოეყენებინათ.

ჯგუფის ხელმძღვანელი, ლონდონის გრით ორმონდ სტრიტის ჰოსპიტლის პედიატრიული ქირურგი ნურ ულ ოვასი ჯილანი ოპერაციას მედიკოსთა „გამორჩეულ მიღწევას“ უწოდებს, რომელიც შემოწირულობების საფუძველზე არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Gemini Untwined-ის შემწეობით მოხერხდა.

„ბერნარდოსა და არტურის განცალკევება რიოელ მედიკოსთა ჯგუფის გამორჩეული მიღწევაა და ფანტასტიკური მაგალითი იმისა, რატომ არის Gemini Untwined-ის საქმიანობა ასე ღირებული“, — ამბობს ქირურგი.

ბიჭები ბრაზილიის ერთ-ერთი რეგიონიდან არიან, რომელიც დედაქალაქიდან საკმაოდ შორსაა და მშობლებმა ისინი რიოში 2,5 წლის წინ ჩაიყვანეს.

მათი ერთმანეთისგან გათავისუფლება განცალკევების ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცედურა იყო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. მრავალი ქირურგი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

გარდა ამისა, ბიჭები მალე ოთხი წლის გახდებიან და ყველაზე ასაკოვანი კარნიოფაგუსი (თავებით შეზრდილი) ტყუპები არიან, რომლებიც ქირურგებს ოდესმე გაუცალკევებიათ.

ორივე ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ექვსთვიანი რეაბილიტაციის პროცესს საავადმყოფოში გადის.

Gemini Untwined-ის მონაცემებით, ყოველი 60 000 დაბადებულიდან ერთი სიამის ტყუპია, მათი ხუთი პროცენტი კი ერთმანეთთან თავებით არის შეზრდილი.

სიამის ტყუპების დაბადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და აფრიკაშია. მათი ნახევარი მკვდრადშობილია, ერთი მესამედი კი დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში იღუპება. გადარჩენილთა უმეტესობა გოგონაა, 3:1 პროპორციით.

სიამის ტყუპების ჩამოყალიბების შესახებ მეცნიერებს შორის ორი ძირითადი თეორია არსებობს, რომელთაგან სამეცნიერო საზოგადოებაში სერიოზულად უკვე მხოლოდ ერთს განიხილავენ. ამ თეორიის თანახმად, იდენტური ტყუპების ჩამოყალიბების პროცესში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ბოლომდე არ იყოფა. თუკი ზიგოტის გაყოფა ემბრიონული დისკოს ჩამოყალიბებიდან ორი კვირის შემდეგ ხდება, სიამის ტყუპების ჩამოყალიბებით სრულდება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close