მსოფლიოპოლიტიკა

ვინ და რატომ ბლოკავს €9 მილიარდის დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო – იტალიური მედია

 იტალიური გამოცემა Corriere della Sera სტატიაში სათაურით: „გერმანია ბლოკავს უკრაინისათვის გამოყოფილ ევროკავშირის დახმარებას: დაძაბულობა გაზისა და სანქციების გამო“ – წერს, რომ  გერმანია ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის €9 მილიარდის მოცულობის ფინანსურ დახმარებას თვეზე მეტია ბლოკავს მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სამიტზე იქნა მიღებული.

იმავდროულად, გერმანია მზად არის, დაარღვიოს გარკვეული სანქციები (იგულისხმება Siemens-ის მიერ კანადაში შეკეთებული ტურბინის რუსეთისთვის გადაცემა, რათა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის მეშვეობით გერმანიას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგეს. რუსულმა „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთ ნაკად 1-ზე“ მიწოდების პირველი შემცირება გამოაცხადა 60%-ით, შემდეგ კი ოფიციალურად – 90%-მდე 11-დან 21 ივლისს, რასაც კომპანია ტექნიკური მიზეზით ხსნის: გაზსადენი რუსულ ნაწილში შეფერხებით მუშაობს, რადგან „სიმენსის“ ტურბინა აკლია. დაზიანებული ტურბინა გერმანიამ კანადაში გაგზავნა, ის უკვე შეკეთებულია, მაგრამ სანქციების გამო რუსეთში აღარ დაბრუნებულა. ამ დროს კი გერმანიას გაზის მარაგები ეწურება და, ეკონომიკის მინისტრის, გერმანიის მწვანეთა ლიდერის, რობერტ ჰაბეკის თქმით, ქვეყანას სჭირდება „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის სრული დატვირთვით ამუშავება გაზის მარაგების შესავსებად. – რედ.).

„კორიერე დელა სერა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ლიბერალი კრისტიან ლინდერი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ ტრანშს ბლოკავს და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მილიარდი ევროს მიწოდებაზეა თანახმა. გამოცემის ცნობით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი წინააღმდეგია, რომ უკრაინისთვის თანხები საერთო ევროპული სესხის მეშვეობით გამოიყოს, როგორც კოვიდპანდემიის დროს გამოეყოთ თანხები ევროკავშირის ქვეყნებს პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

კიევი აცხადებს, რომ უკრაინას ყოველთვიურად 5 მილიარდი დოლარის დახმარება სჭირდება, აქედან გამომდინარე, ლინდენი თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ როგორც ჩანს, უკრაინა სექტემბერში საგარეო ვალის თანხას 900 მილიონი ევროს ოდენობით ვერ დაფარავს. გამოცემის ვარაუდით, ზელენსკის მიერ გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის თანამდებობიდან მოულოდნელი და ხისტი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტრანშის დაგვიანება იყოს.

ცნობისათვის: ევროკომისიაში უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის იდეა გაზაფხულზე დაიბადა, რის შემდეგაც, მაისის ბოლოს ტრანში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტზე დაამტკიცეს. აღნიშნული თანხა უკრაინას, ფაქტობრივად, უპროცენტო სესხის სახით უნდა მიეცეს 25 წლის ვადით. ევროპული დახმარების პირველი ტრანში ერთი მილიარდი ევროს ოდენობით ევროპარლამენტმა 7 ივლისს დაამტკიცა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close