კრიმინალისაბერძნეთი

ნაფიცი მსაჯულების საბოლოო ვერდიქტი საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის საქმეზე – სამუდამო პატიმრობა ქირურგს და ფულადი კომპენსაცია ოჯახს

თესალონიკის ნაფიცი მსაჯულების შერეულმა სააპელაციო სასამართლომ 43 წლის ბერძენი სისხლძარღვთა ქირურგი დიმიტრის პელეკასი ერთხმად ცნო დამნაშავედ 36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში 2017 წლის აპრილში თესალონიკის ჰიპოკრატეს სახელობის საავადმყოფოში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემა „კათიმერინის“ ცნობით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც მანამდე პირველი ინსტანციის სასამართლომ, ქირურგი ერთხმად ცნო დამნაშავედ და იგივე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაიზიარა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდადებული ანგიოქირურგი ციხეში დააბრუნეს.

რაც შეეხება საქმის ისტორიას: 2017 წლის 26 აპრილს თესალონიკში მცხოვრებმა 36 წლის ქართველმა ემიგრანტმა, უძრავი ქონების ბროკერმა დიანა ბერიძემ თესალონიკის იპოკრატეოს კლინიკას ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი ქირურგიული პროცედურის ჩასატარებლად მიაკითხა. საქმის მასალების თანახმად, ქირურგმა (რომელიც მაშინ 39 წლის იყო) იგი კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და ორი ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა, რომლებიც პროცედურისთვის არ იყო აუცილებელი. როგორც ჩანს, სწორედ ამ საანესთეზიო პრეპარატებმა, რომლებიც შემდგომ სასამართლო ექსპერტიზამ ჭარბად აღმოაჩინა ქალის ორგანიზმში, გამოიწვია აპნოე (სუნთქვის გაჩერება) და სუნთქვის გაძნელება, რამაც საბოლოოდ პაციენტი იმსხვერპლა.

ისევ საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ანგიოქირურგმა, იმის მაგივრად, რომ დახმარება ეთხოვა, გარდაცვლილი ქალის ცხედარი მალულად თავის მანქანაში მოათავსა, ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე წაიღო და პალიურის რაიონში კლდიდან გადააგდო, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 150 კმ-ის დაშორებით. სწორედ იქ, მდინარის ნაპირას, ტყის მასივში იპოვეს ქალის გვამი 9 დღის ძებნის შემდეგ.

პოლიციამ თავიდანვე ქირურგზე აიღო ეჭვი, რადგანაც ის იყო ბოლო ადამიანი, ვისაც ქალი გაუჩინარებამდე ესაუბრა. ბრალდებული არა მარტო სატელეფონო ზარმა „გასცა“, არამედ GPS-მაც მობილურ ტელეფონზე, რომელზეც დაფიქსირებული იყო მის მიერ საკუთარი მანქანით გავლილი მთელი მარშრუტი თესალონიკიდან ქალკიდიკამდე. ამას გარდა, ექიმის ავტომობილში გამომძიებლებმა დიანა ბერიძის ბიოლოგიური მასალაც აღმოაჩინეს.

ბრალდებული ქირურგი სხდომის დაწყებისას წარმოთქმული სიტყვით შეეცადა, ნაფიც მსაჯულებზე გავლენა მოეხდინა განაჩენის შესამსუბუქებლად: „ეს იყო ტრაგიკული საექიმო შეცდომა, რასაც ძალიან ვნანობ. მისი მოკვლის განზრახვა არ მქონია“, – განაცხადა მან, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა მისი არგუმენტი არ გაიზიარეს.

დიანა ბერიძეს გარდაცვალების შემდეგ თესალონიკში მეუღლე, სამი შვილი და დედა დარჩა. ქალი საბერძნეთში ტრაგიკულ შემთხვევამდე 6 წლით ადრე გადასახლდა დედასთან და 2 შვილთან ერთად, რომლებიც წინა ქორწინებიდან ჰყავდა. კიდევ ერთი შვილი – გოგონა მას ბერძენ მეუღლესთან მეორე ქორწინებისას შეეძინა. მეზობლების თქმით, მამინაცვალი გერებს ყოველთვის ისე თბილად და კარგად ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილებს.

თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლომ საავადმყოფოს მოკლული ქალის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 700 ათასი ევროს ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა „სულიერი ტანჯვისთვის“, რაც მათ გადაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ დიანა ბერიძის ოჯახმა ქირურგისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის (სამუდამო პატიმრობა) გამოტანიდან რამდენიმე თვეში, 2018 ოქტომბერში თესალონიკის ჰიპოკრატეს სახელობის საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა და კომპენსაციის სახით 5 მლნ ევრო მოითხოვა. სარჩელში მითითებულნი იყვნენ დიანა ბერიძის მეუღლე, შვილები და დედა.

ნინო ბაჯელიძე 

ამავე თემაზე: თესალონიკში მოკლული დიანა ბერიძის ოჯახი 5 მლნ ევროს კომპენსაციას ითხოვს

დიანა ბერიძის მკვლელ ბერძენ ექიმს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close