fbpx
მედიცინასაქართველო

საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე – 80 000 ადამიანი უკვე განიკურნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებით, საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 000 ადამიანი განიკურნა.

კლინიკის ცნობით, ლონდონში მიმდინარე კონგრესზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.

„ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ქალაქ ლონდონში იმართება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან მიღებულია სამი პოსტერ-მოხსენება, რომლებიც ეხება საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება; „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ. პოსტერ-მოხსენებები წარდგენილი იყო ა.წ. 23 და 24 ივნისს შერჩეული მოხსენებებისათვის მოწყობილ პოსტერ-ტურზე ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორ აკაკი აბუთიძის მიერ. მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე. სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც რვა წლის წინათ, 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა.

პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, დიდი წარმატებით სრულდება. პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა დაახლოებით ოთხმოცი ათასი „ცე“ ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო ქვეყანაში „ცე“ ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება), საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად, 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია“, – აცხადებენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

მათივე ცნობით, პროგრამის დასრულება და, შესაბამისად, ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close