პოლიტიკა

12-პუნქტიანი „საშინაო დავალება“ – რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ევროპულმა საბჭომ 23 ივნისს ბრიუსელის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება, თუ წლის ბოლომდე, ანუ მომდევნო 6 თვეში ის 12-პუნქტიან „საშინაო დავალებას“ წარმატებით შეასრულებს. ევროპულმა საბჭომ მთლიანად გაითვალისწინა ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაცია.

შესაბამისად, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუ:

  • პოლიტიკურ პოლარიზაციას აღმოფხვრის. ამ საკითხებზე ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით“;
  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;
  • მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. „უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას“. ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ;
  • გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას;
  • აიღებს და შეასრულებს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე;
  • გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნება ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე;
  • შექმნის თავისუფალ, პროფესიულ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. „სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“. ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს;
  • სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს;
  • „გააერთიანებს ძალისხმევას“ გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
  • ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში „ყველა დონეზე“;
  • მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, „პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები“;
  • ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი ადამიანი დაინიშნება. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის ფონზე. 7 მარტს ევროკავშირის საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, თავისი აზრი წარმოედგინა საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით. 11 აპრილს საქართველომ მიიღო კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ხოლო 19 მარტს – კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დააკავშირებით და შევსებული კითხვარები 2 მაისს და 10 მაისს წარუდგინა ევროკომისიას. 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის, რომ საქართველოს მიეცეს 12-პუნქტიანი პრიორიტეტები წლის ბოლომდე შესასრულებლად, რის შემდეგაც ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ევროპულმა საბჭომ სრულად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინას და მოლდოვას კი, რომლებმაც 29 თებერვალს და 3 მარტს ასევე წარადგინეს განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ევროკავშირის საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და თან აუცილებლად შესასრულებელი პირობები წაუყენა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close