მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომა სურს, თუმცა ემანუელ მაკრონი არ უშვებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეთ ბორნმა ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონმა იგი თანამდებობაზე დატოვა.

ფრანგული მედიის ცნობით, მაკრონი თავის გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ „მთავრობამ მუშაობა უნდა გააგრძელოს“.

61 წლის ელიზაბეთ ბორნმა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურად 16 მაისს დანიშნა, ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ემანუელ მაკრონის კოალიციამ „ერთად!“ („Ensemble!“) 19 ივნისს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. პრეზიდენტის ბლოკმა 577-ადგილიან პარლამენტში 245 მანდატი მოიპოვა (წინა მოწვევის პარლამენტში კი 345 მანდატი ჰქონდა). აბსოლუტური უმრავლესობის მაჩვენებელს ვერცერთი პარტია ვერ მიუახლოვდა (საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონის ყოფილი მოწინააღმდეგის, ჟან-ლუიკ მელანშონის მემარცხენე კოალიციამ Nupes 131 მანდატი მოიპოვა, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში 60 ჰქონდა, ხოლო მარინ ლე პენის  „ნაციონალურმა გაერთიანებამ“ – 89). მაკრონს მოუწევს კოალიციური მთავრობის შეკრება და მისი მმართველობის მეორე ვადა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გაცილებით რთული იქნება, ვიდრე პირველი.

გაზეთმა „ფიგარომ“ თავის საიტზე მეორე ტურის კენჭისყრის შედეგებს მაკრონის მომხრეების „დე ფაქტო დამარცხება“ უწოდა და პოლიტიკური სპექტრი „უმართავი საფრანგეთის“ რისკის შესახებ გააფრთხილა.

მედიის ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეთ ბორნი დღეს მთავრობის წევრებს შეხვდება.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი 21 და 22 ივნისს მოწინააღმდეგე პარტიების ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს, რათა „შესაძლო კონსტრუქციული გადაწყვეტილებები“ იპოვოს. მაკრონის ბლოკს 44 მანდატი სჭირდება უმრავლესობის (289 ადგილი) მისაღებად და კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close