დემენციის დადგენა სიარულის მანერითაა შესაძლებელი: მეცნიერებმა პარამეტრები გაარკვიეს
დემენცია, ანუ შეძენილი ჭკუასუსტობა ადამიანის სიარულის მანერით შეიძლება დადგინდეს, ნათქვამია ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც უნივერსიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სწავლულებმა კვლევაში 110 ასაკოვანი ადამიანი ჩართეს, რომელთა შორის 36 პაციენტი ალცჰაიმერით იყო დაავადებული, ხოლო 45 – ლევის სხეულების დემენციით. დანარჩენი 29 მონაწილე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
მეცნიერებმა საცდელების სიარულის მანერის პარამეტრები სპეციალური სენსორებიანი ბილიკით განსაზღვრეს. სენსორები სიარულის ტემპს, ცვალებადობას, რიტმსა და ასიმეტრიას აფიქსირებდა.
დაკვირვების შემდეგ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლევის სხეულების დემენციის მქონეების სიარულის მანერა გამოირჩევა ასიმეტრიულობით: მარჯვენა და მარცხენა ნაბიჯების დრო და სიგრძე სხვადასხვაგვარია, რამაც შეიძლება წონასწორობა დააკარგვინოს ადამიანს და ის წაიქცეს კიდეც.
რაც შეეხება ალცჰაიმერით დაავადებულებს, მათი სიარულის მანერა შედარებით სტაბილური იყო.
სიარულის ეს ორი თავისებურება საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ დემენციის ტიპი 60%-იანი სიზუსტით განისაზღვროს.
ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, მათი კვლევა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ სიარულის მანერის სკრინინგი დემენციის ტიპების კლინიკური ბიომარკერების ჩამონათვალში შევიდეს.
ბრიტანელი მედიკოსების პროგნოზით, ასეთი დიაგნოსტიკა შესაძლოა უკვე რამდენიმე წლის შემდეგ გახდეს ხელმისაწვდომი.
ლევის სხეულების დემენცია შემეცნებითი ფუნქციების პროგრესირებადი დაქვეითებაა, რომლის დროსაც ნერვულ უჯრედებში ლევის სხეულები გროვდება, რომლებიც მთელ ტვინში წარმოიქმნება.
ლევის სხეულების დემენცია ამ დარღვევის ხშირი სახეა, მაგრამ ექსპერტები ვერ თანხმდებიან მის გავრცელებასა და მნიშვნელობაზე. იგი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და, როგორც წესი, 60 წლის შემდეგ ვითარდება.
sputnik-georgia.com
კომენტარები