როგორ აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა (ეგვიპტე), კანადაში კი უკვე მეორედ, ნიაგარის ჩანჩქერზე გამოიხატა საქართველოს დროშა.
ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ავსტრალიაში კი საქართველოს დროშის ფერები გამოისახა ავსტრალიის ეროვნული კარილონის შენობაზე.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა განათდა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებით, კორეის რესპუბლიკაში კი – ქალაქ სეულის მერიის შენობა.
26 მაისის აღსანიშნავად, საუდის არაბეთში ქვეყნის ყველაზე ცნობილ შენობაზე – Kingdom Center გამოიხატა საქართველოს დროშა. თურქეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ანკარის სიმბოლოები, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების – TOBB შენობები, ე.წ. ტყუპები და აგრეთვე, ათაქულეს კოშკი; საქართველოს ეროვნული დროშის ფერები გამოისახა სტამბოლის ხიდზეც. აზერბაიჯანში 26 მაისის აღსანიშნავად განათდა ქალაქ ბაქოს ცენტრში მდებარე შენობა. უნგრეთში საქართველოს დროშის ფერებით განათდა შოთა რუსთაველის ძეგლი. სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოისახა დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.
26 მაისის აღსანიშნად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიეტუვის ცენტრალური ხიდი, ასევე ქალაქ კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ასევე საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბარსელონასა და ქალაქ ათენში განათდა ქალაქის შადრევნები, ხოლო კვიპროსში – საქართველოს დროშის ფერები გამოისახა ძველი მერიის შენობაზე.
ქალაქ თესალონიკში მერიის შენობა ასევე განათდა ქართული დროშის ფერებით. ისრაელში კი 26 მაისთან დაკავშირებით ქალაქ იერუსალიმის დავითის კოშკსა და ძველი ქალაქის კედელზე ქართული დროშა გამოხატა. აგრეთვე, უზბეკეთში განათდა ქალაქ ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სასტუმრო „უზბეკეთი“, ხოლო სლოვაკეთში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობები. ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, ირანში თეირანის მთავარ სატელევიზიო ანძაზე გამოისახა საქართველოს დროშა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართა. ქალაქ ნიუ-იორკში კი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ჩინეთში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა. რუმინეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მეფე მიხაი პირველის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტის გაიხსნა, ასევე რუმინულ ენაზე „საქართველოს ისტორიის“ წიგნის პრეზენტაცია და ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა.
ჩეხეთში, ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასარიკის უნივერსიტეტში, ადრეული შუა საუკუნეების კვლევით ცენტრში გაიხსნა შოთა რუსთაველის კაბინეტი.
ამასთან, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
კომენტარები