მოგზაურობამსოფლიო

ზაფხულის მოგზაურობა 9 ევროდ – გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას აიაფებს

ულიმიტო ტრანსპორტის მთელი თვე, სულ რაღაც 9 ევროდ – ასეთია გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიზანი ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა/წახალისება და ასევე ენერგორესურსების მზარდი ფასებისა და საწვავის მოხმარების შემცირებაა. ანუ შეთავაზება გულისხმობს, სპეციალური საშვის შეძენის შემთხვევაში გერმანიის შიგნით ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით ნებისმიერ დრო, ულიმიტოდ გადაადგილებას. საწვავის ფასების ზრდის, მანქანების გაქირავების ტარიფების და მსოფლიო მასშტაბით, ცხოვრების ხარჯების მკვეთრი მატების ფონზე კი ეს ნაბიჯი უდიდესი შეღავათია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის – წერს CNN

გერმანიის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური 9 ევროს ღირებულების ტარიფი უკვე დაამტკიცა და ის ივნისში – სწორედ ზაფხულის მოგზაურობის დროს შევა ძალაში, ამიტომაც გერმანია ევროპაში 2022 წლის ყველაზე ხელმისაწვდომ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

ბარათის გამოყენება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში, იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი თუ ტრამვაი. ეს შეღავათიანი ფასი ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდში იმოქმედებს და გარდა იმისა, რომ მეტი ტურისტის დაინტერესებას გამოიწვევს, აგრეთვე, წაახალისებს ადამიანებს, პირადი ავტომობილების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.

მთავრობამ პროექტში 2,5 მილიარდი ევრო ჩაიდო და თითოეული საშვი ძალაში კალენდარული თვის განმავლობაში დარჩება – ასე რომ, თუ ბარათს, მაგალითად, შუა თვეში იყიდით, ის ძალაში მხოლოდ იმ თვის ბოლომდე იქნება. გერმანიის რკინიგზამ უკვე დაამატა საშვები ვებგვერდზე და მათი გაყიდვაც დაიწყო.

ცნობისთვის, გერმანია, რომელიც ძალიან დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, იძულებულია შეამციროს ენერგომატარებლების მოხმარება და ეს გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება. ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უკვე შეამცირა დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, რათა სრული ემბარგო „მართვადი“ ყოფილიყო.

bm.ge

p. s. ცნობისათვის: ბარათის შეძენა უკვე  შეგიძლიათ DeutscheBahn-ის აპლიკაციით ან ნებისმიერ სადგურზე Deutsche Bahn-ის ოფისში, მის გამოყენებას კი პირველი ივნისიდან შეძლებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close