მსოფლიოპოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ისტორიული გამოსვლა აშშ-ის კონგრესში (ვიდეო)

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცა სიტყვით გამოსულიყო  აშშ-ის კონგრესში, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ერთობლივ სხდომაზე. ეს იყო პირველი და, შესაბამისად, ისტორიული შემთხვევა, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა აშშ-ის პარლამენტის წევრებს.

მიცოტაკისის გამოსვლა არაერთხელ შეწყდა ამერიკელი კანონმდებლების აპლოდისმენტებით და ოვაციებით. როგორც ბერძნული მედია აღნიშნავს, საბერძნეთის მთავრობის მეთაური საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ასეთ დახვედრას ჩვეული არ არის.

მიცოტაკისის გამოსვლის მთავარი თემები იყო: ომი უკრაინაში, თურქეთთან არსებული პრობლემები, საბერძნეთისა და აშშ-ის ურთიერთობები, კვიპროსის საკითხი და ენერგეტიკული გამოწვევა.

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ პუტინმა და სხვა ავტარქიულმა ლიდერებმა არ უნდა გაიმარჯვონ. მან ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთი ცალსახად უჭერს მხარს უკრაინას. ბერძენმა პრემიერ-მინისტრმა მარიუპოლის ალყა საბერძნეთის რევოლუციის დროინდელი მესოლოგის ალყას შეადარა (ქალაქი მესოლოგი თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 1825 წლის 25 აპრილიდან 1826 წლის 10 აპრილამდე იმყოფებოდა ოსმალური ჯარის ალყაში. ქალაქის დამცველებმა, მას შემდეგ, რაც საკვები და წყალი სრულად გამოელიათ, გმირულად ცადეს ალყის გარღვევა. მათი უმრავლესობა ამ თავგანწირული ბრძოლის დროს დაიღუპა და ბერძნების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო ცოცხლად გადარჩენა).

კირიაკოს მიცოტაკისმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბერძნებსა და ამერიკელებს დემოკრატიისადმი ერთგულება აერთიანებს. მისი თქმით, „ბერძნებამდე ვერცერთმა საზოგადოებამ ვერ გაბედა დაეჯერებინა, რომ წესრიგი და დემოკრატია თავსებადია“.

აშშ-ში ვიზიტის დროს მიცოტაკისი შეხვდა კონგრესის სპიკერს, ნენსი პელოზს და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. განსაკუთრებით თბილი შეხვედრა მოუწყო საბერძნეთის პრემიერს პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელსაც შეხვედრისას საბერძნეთის დროშების პრინტიანი ჰალსტუხი ეკეთა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როდესაც კონგრესში დელავერის შტატის წარმომადგენელი გახდა, ადგილობრივი ბერძნული თემის ხმების 92 პროცენტი მიიღო, ამიტომაც ხუმრობით „ბაიდენოპულოსს“ ეძახდნენ.

გიორგი ჯანელიძე

p. s. კირიაკოს მიცოტაკისის ოფიციალურ იუთუბ არხზე განთავსებულ ვიდეოებს, როგორც წესი, რამდენიმე ასეულიდან, მაქსიმუმ 10 ათასი მნახველი ჰყავს ხოლმე. კონგრესში მისი გამოსვლა კი 2 დღის განმავლობაში უკვე 120 ათასზე მეტმა კაცმა ნახა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close