პოლიტიკაკრიმინალი

იტალიამ ევროვიზიის კონკურსის დროს რუსი ჰაკერების კიბერშეტევები მოიგერია

იტალიის ხელისუფლების განცხადებით, თავიდან აიცილეს ჰაკერული თავდასხმები „უცხოეთიდან“ როგორც 10 მაისს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალური ტურის, ისე ფინალური კონკურსის დროს. ამის შესახებ Ansa წერს.

ევროვიზიასთან დაკავშირებული ოპერატიული ოთახის გააქტიურებამ, რომელშიც ტექნიკური სპეციალისტები და Cnaipic-ის (კრიტიკული ინფრასტრუქტურის კომპიუტერული დაცვის ეროვნული ცენტრი) სპეციალისტი პოლიციელები  დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში გვერდიგვერდ მუშაობდნენ, შესაძლებელი გახადა კიბერსაფრთხის ნეიტრალიზება – რუსული ჰაკერული ჯგუფის – Killnet-ისა და მისი განშტოება „ლეგიონის“ კიბერთავდასხმის მოგერიება.

გამოცემის ცნობით, ოპერატიულმა სამსახურმა Cnaipic-მა 1000-ზე მეტი საათის განმავლობაში ჩაატარა მონიტორინგი საფოსტო პოლიციის 100 თანამშრომლის მონაწილეობით. მთელი ქსელი შემოწმდა, გაანალიზდა მილიარდობით კომპიუტერული მონაცემი, რომელიც აგრეთვე შემოდიოდა სხვადასხვა სოციალური პლატფორმიდან.

პოლიციის განმარტებით, ღონისძიებების მიმდინარეობისას მილიონობით მონაცემთა ანალიზი ჩატარდა, რომელიც კომპრომეტირებულ IP-მისამართებს ეხებოდა. ამან საშუალება მისცა ტექნიკურ ჯგუფს, ჩაეტარებინა მნიშვნელოვანი პროცედურები, რომელთა წყალობითაც კიბერშეტევები „შეასუსტეს და მოიგერიეს“.

ცნობისთვის, ევროვიზიის კონკურსი იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა (10 და 12 მაისს – ნახევარფინალები, 14 მაისს – ფინალი) და გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი „კალუშ ორკესტრა“ სიმღერით „სტეფანია“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაისად ევროვიზია მარიუპოლში გაიმართება (იგი გულისხმობდა, რომ უკრაინა დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საკუთარ ტერიტორიებს), რაზეც კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა თქვა, ესე იგი, გაისად ევროვიზია რუსეთში გაიმართებაო. არ მოეწონა უკრაინის გამარჯვება პუტინის მეორე ფანატს – თინა კანდელაკს, რომელმაც ევროვიზია გააკრიტიკა ამის გამო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის ეს ევროვიზიის კონკურსზე მოპოვებული მესამე გამარჯვებაა. წინა ორი გამარჯვება ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა 2004 და 2016 წლებში მოიპოვეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close