ქართველები უცხოეთში

აშშ-ში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი ლექსო თორაძე (ვიდეო)

აშშ-ში გარდაიცვალა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი ლექსო თორაძე. ხელოვანი 30 მაისს 70 წლის გახდებოდა.

ლექსო თორაძე თბილისში დაიბადა 1952 წელს კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. მან 1983 წელს აშშ-ში გასტროლებზე ყოფნისას თავშესაფარი ითხოვა და მას შემდეგ ამერიკაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 აპრილს ლექსო თორაძეს ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Skyview High School-ში ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა, იგი ცუდად გრძნობდა თავს და ექიმი ახლდა, თუმცა მაინც გამოვიდა სცენაზე.

პუბლიკა გაფრთხილებული იყო, რომ პიანისტი, რომლის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყო, შესაძლოა ვერ გამოსულიყო სუნთქვის პრობლემის გამო, თუმცა ლექსო თორაძე არათუ გამოვიდა, ორივე კონცერტი ვირტუოზულად შეასრულა: სტრავინსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის და მთავარი – შოსტაკოვიჩის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. თორაძე მსოფლიოში აღიარებული იყო, როგორც დიდი რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებელი. იგი ახალგაზრდობაში მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა.

კონცერტების შესრულების შემდეგ თორაძე სასწრაფოდ ვანკუვერის PeaceHealth Southwest-ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გულის მწვავე უკმარისობა დაუდგინეს.

მუსიკოსი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დატოვეს, სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. პალატიდან მან კვირას, 24 აპრილს მიმართვა გაავრცელა თავისი გულშემატკივრებისთვის:

„ის, რაც გუშინ ღამით მოხდა, ჩემთვის სასწაულია…

სცენაზე ასასვლელად და სპექტაკლის სათამაშოდ თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი“, – თქვა მან და განმარტა, რომ ექიმ მაიკლ ლიუს წყალობით, რომელიც სცენაზეც მის გვერდით იყო, შეძლო კონცერტების შესრულება და შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღო სამედიცინო დახმარება.

„სხვათა შორის, დღეს ჩემთვის მართლმადიდებლური აღდგომაა. ქართველებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. კარგია საავადმყოფოში ყოფნა მეგობრების გარემოცვაში“, – ამბობს თორაძე ვიდეომიმართვაში.

ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული. 1969 წელს იგი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა, 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია.

მუსიკოსი აშშ-ში  არა მარტო საშემსრულებლო, არამედ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1991 წელს ლექსო თორაძე ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანის შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელიც დღეისათვის საკმაოდ პოპულარული და აღიარებული დაწესებულებაა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close