fbpx
ქართველები უცხოეთშიარტისტი

ემიგრანტი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიაში სცენას „ქართული“ სპექტაკლით დაემშვიდობა

ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი სამსახიობო კარიერას ასრულებს. 25 წელზე მეტია მსახიობი წარმატებით მოღვაწეობს გერმანიაში, სადაც თეატრალურ სცენაზე 100-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები.

65 წლის მსახიობი სცენას გერმანიაში, ფრიდრიხ გრილოს სახელობის თეატრში გამოემშვიდობა გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანის – „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ნათამაშები როლით (შოკოლადის ფაბრიკანტი).

წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

რა გზა გაიარა რეზო ჩხიკვიშვილმა, გერმანიაში წარმატებისთვის რომ მიეღწია?

ამ საკითხზე მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:

„ძალიან რთული გზა გავიარე გერმანულ სცენაზე თავის დასამკვიდრებლად. მახსოვს პირველ წელს დეპრესიაშიც ჩავვარდი და საავადმყოფოშიც მოვხვდი. უბრალოდ, არ ვიცოდი როგორ გამემართლებინა თეატრის ხელმძღვანელის ნდობა.

მე გერმანული ძლიერი თეატრალური დასის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, რომელიც გერმანულად ვერ ლაპარაკობდა და „ადგილს იკავებდა“ უდიდესი კონკურენციის პირობებში. ყოველდღე 100-100 მსახიობი გამოთქვამდა შტატში აყვანის სურვილს. მე ამ ფიქრებმა ჭკუიდან კინაღამ გადამიყვანეს და როდესაც, თეატრის ნებაყოფლობით დატოვებას ვაპირებდი, იმიტომ რომ არ მეგონა, თუ მე ოდესმე შილერის და გოეთეს ენით გერმანელ მაყურებელს გავაოცებდი, სწორედ მაშინ მივიღე ერთი მსახიობის პიესაში მონაწილეობის შეთავაზება. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ როლს გავაკეთებ, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს ყველა მსახიობურ რეგისტრს გამოვიყენებ და ამის მერე ღირსეულად დავტოვებ გერმანიას-მეთქი. სწორედ ეს როლი აღმოჩნდა ჩემი მშველელი, ქართული კულტურის დიდი გამარჯვება და ჩემი სავიზიტო ბარათი. ამ როლის შემდეგ თითქოს ჩემი თეატრალური ცხოვრებაც სულ წარმატებისკენ შეიცვალა და განვითარდა“, – იხსენებს მსახიობი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close