ალყაში მოქცეულ მარიუპოლში რუსი სამხედროები მეორე დღეა „აზოვსტალის“ ქარხანას უტევენ, სადაც მიწისქვეშა თავშესაფრებში დარჩენილები არიან უკრაინელი სამხედროები და ის სამოქალაქო პირები, რომელთა ევაკუაცია ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
შტურმი გუშინ, 3 მაისს, დილით დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის შემდეგ. არსებული ინფორმაციით, გუშინ რუსებმა დონეცკის მხარეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარიუპოლიდან 150-მდე მშვიდობიანი მცხოვრები გაიყვანეს. პირველ მაისს „აზოვსტალიდან“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ჩართულობით ევაკუირებულმა 156-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ კი გუშინ მშვიდობიანად ჩააღწია ზაპოროჟიეში.
ოთხშაბათს რუსებმა ქარხანაში შეჭრა მოახერხეს, რომელსაც მანამდე უმოწყალოდ ბომბავდნენ და რაკეტებს ესროდნენ.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, უკრაინელ მებრძოლებთან კავშირი დაიკარგა.
გამოცემის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ უკრაინელი მებრძოლები „საიმედოდ არიან დაბლოკილები ქარხნის მთელ პერიმეტრზე“.
მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ უკრაინული ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში, აგრეთვე, განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ ახლა მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ქარხანას ტანკებით, არტილერიით და საჰაერო დარტყმებით უტევენ.
ეს ინფორმაცია უარყო რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა:
უმაღლესმა მთავარსარდალმა საჯაროდ გასცა ბრძანება თავდასხმის გაუქმების შესახებ. არ არის შტურმი. ჩვენ ვხედავთ ვითარების გამწვავებას, რომელიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბოევიკები საცეცხლე პოზიციებზე გამოდიან. ამ მცდელობებს [რუსი ჯარისკაცები] საკმაოდ ოპერატიულად ახშობენ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია საკუთარი გამოძიების შედეგების შესახებ. სააგენტოს თქმით, გამოძიებით გამოვლინდა, რომ მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვისას 600-მდე ადამიანი დაიღუპა შენობის შიგნით თუ გარეთ.
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი 16 მარტს დაბომბეს ზემძიმე ბომბით. ამ დროს თეატრს თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, უმეტესად, ქალები, ბავშვები და მოხუცები აფარებდნენ თავს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები