მსოფლიოპოლიტიკა

ვითარება ქალაქ მარიუპოლში – შოიგუმ მოატყუა პუტინს, რომ მარიუპოლი აიღეს? (ვიდეო)

პუტინმა ბრძანება გასცა, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმი გაუქმდეს

რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი ბრძანება გასცა, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმი გაუქმდეს. ამ გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინი რუსი სამხედროების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხსნის. ამასთან, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი მოითხოვს, „აზოვსტალის“ სრული ბლოკირება გაგრძელდეს.

„ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა ვიფიქროთ – ანუ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მით უმეტეს – ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო კატაკომბებში ჩაძრომა და ამ სამრეწველო ობიექტებზე მიწისქვეშ ხოხვა. დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზიც ვერ გამოფრინდეს“, – უთხრა პუტინმა შოიგუს და დაავალა, რომ კიდევ ერთხელ შესთავაზონ უკრაინელ სამხედროებს დანებება და იარაღის დაყრა.

პუტინისა და შოიგუს საუბრის ვიდეო რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს (https://tass.ru/politika/14433663).

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოატყუა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომ „მარიუპოლი გათავისუფლებულია“, თუმცა შემდეგ დასძინა, რომ ქალაქში 2000-ზე მეტი უკრაინელი დამცველი რჩება.

შოიგუს თქმით, მარიუპოლის ალყის დაწყების მომენტში იქ 8100-მდე უკრაინელი სამხედრო და „უცხოელი დაქირავებული“ იმყოფებოდა, ახლა კი 2000-ზე მეტი მებრძოლი რჩება, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საიმედოდ არიან დაბლოკილები“.

თავდაცვის მინისტრმა, ისევე როგორც მთელი გასული თვის განმავლობაში არაერთხელ უთქვამს, ახლაც გაიმეორა, რომ „აზოვსტალის“ ოპერაციის დასრულებამდე 3-4 დღე დარჩა და პუტინს ქარხნის შტურმირება შესთავაზა. პუტინს ვითომ ეს იდეა არ მოეწონა და შტურმზე უარი თქვა:

„არ არის საჭირო კატაკომბებში ჩაძრომა, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონა უნდა დაიბლოკოს ისე, რომ ბუზი ვერ გამოფრინდეს“.

პუტინმა „სამხედრო სამუშაოს დასრულებას მარიუპოლში“ წარმატება უწოდა და შოიგუს მიულოცა.

პუტინისა და შოიგუს საუბრის ვიდეო, რომელიც რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს,  შესაძლოა მონტაჟი იყო, ამ საქმეში რუსეთის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, – წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

კერძოდ, აღნიშნავენ პუტინის უჩვეულოდ მოხრილ, დაძაბულ პოზას და თავის არაბუნებრივ მოძრაობას.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის დიდი ნაწილი რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს, უკრაინელი სამხედროები მათ წინააღმდეგობას უწევენ და მტრის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებს ავრცელებენ.

კერძოდ, პოლკმა „აზოვმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში გაანადგურეს ოკუპანტების 3 ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა („ბეემპე“) და ჯავშანტრანსპორტიორი („ბეტეერი“).

20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის სამხედროებმა უკრაინის არმიის და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფებთან ერთად წარმატებით ჩაატარეს მესაზღვრეების და პოლიციელების „აზოვსტალის“ ქარხანაში ევაკუაციის სპეცოპერაცია.

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, „აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლებისა და მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება.

„აზოვსტალის“ შტურმი. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პუტინი ლაპარაკობს (თუ დავუჯერებთ) არა შტურმის გაუქმებაზე, არამედ სრულ ალყაზე. „აზოვსტალში“ მყოფი ჩვენი მცველებისა და სამოქალაქო პირებისთვის, არსებითად, არაფერი შეიცვლება. არის მხოლოდ პუტინის სურვილი, დანგრეული ქალაქის ფონზე როგორმე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც არ არსებობს. არანაირი სიახლე რუსებისთვის – თუ რამე არ არის, უნდა მოიგონონ“, – წერს ტელეგრამარხზე მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის პროგნოზით, დონბასზე იერიშის აქტიური ფაზა 9 მაისამდე გაგრძელდება.

ოთხშაბათს, 20 აპრილს მარიუპოლიდან დაგეგმილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი ჩავარდა – 6 ათასი მშვიდობიანი მცხოვრების ნაცვლად ქალაქი მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა ოთხი ავტობუსით. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსულმა მხარემ ვერ შეძლო უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა. ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა დღესაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი პირველი მარტიდან რუსი ოკუპანტების ალყაშია. არსებული ინფორმაციით, თითქმის ნახევარმილიონიანი ქალაქში ახლა 120 ათასამდე მცხოვრები რჩება უმძიმეს პირობებში, 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე  დაიღუპა, დანარჩენი ევაკუირებულია უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ან იძულებით – რუსეთში, მათ შორის ათასობით ბავშვია.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის მიწისქვეშა თავშესაფრებში მინიმუმ 1000 სამოქალაქო პირი იმყოფება, უმეტესად ქალები, ბავშვები და მოხუცები.

12 აპრილს საზღვაო ქვეითთა ნაწილმა შეძლო ილიჩის სახელობის ქარხნიდან გამოსვლა და „აზოვის“ პოლკთან შეერთება „აზოვსტალში“, ნაწილი ტყვედ ჩავარდა.

რუსეთის არმია „აზოვსტალს“ ზემძიმე, 3-ტონიანი ავიაბომბებით ბომბავდა. 19 აპრილს პოლკ „აზოვის“ მეთაურმა სვიატოსლავ პალამარმა („კალინა“) განაცხადა, რომ „აზოვსტალი“, პრაქტიკულად, სრულად განადგურებულია. სამხედროებს ადამიანები ნანგრევებიდან გამოჰყავთ.

რუსეთმა ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს 19 აპრილს იარაღის დაყრა  და დანებება კიდევ ერთხელ (მესამედ) შესთავაზა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები რუსეთის წინადადებას არ იღებენ და დანებებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლებენ.

უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერჰი ვოლინამ (სერგეი ვოლინსკი) 20 აპრილს უცხოური სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფოდ განახორციელონ „ექსტრაქცია“ მარიუპოლიდან – უსაფრთხო ადგილას გაიყვანონ რამდენიმე ასეული სამხედრო და სამოქალაქო პირი „აზოვსტალიდან“, რათა რუსებისგან გადაარჩინონ. მისი თქმით, ქალაქის დამცველების და მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა ტერიტორიაზე 500-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

უკრაინის რადის დეპუტატმა, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადეს, რომ მზად არიან მარიუპოლში ჩავიდნენ და რუსულ მხარესთან მოლაპარაკება გამართონ ქალაქიდან უკრაინული სამხედრო გარნიზონის და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით. როგორც არახამია ტელეგრამარხზე წერს, მუდმივი კავშირი აქვთ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებთან. 20 აპრილს ქალაქის დამცველებთან საუბრისას იყო წინადადება, რომ მოლაპარაკების რაუნდი მარიუპოლში ჩატარდეს.

დავით არახამიას თქმით, მზად არიან მარიუპოლში მოსალაპარაკებლად გაემგზავრონ, როგორც კი რუსული მხარისგან თანხმობას მიიღებენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close