მსოფლიოპოლიტიკა

„შესაძლოა ეს იყოს ჩვენი ბოლო მიმართვა, საათებიღა დარჩა“ – უკრაინელმა ოფიცერმა „აზოვსტალიდან“ მსოფლიო ლიდერებს მიმართა, უზრუნველყონ მათი მესამე სახელმწიფოში გაყვანა (ვიდეო)

უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერჰი ვოლინამ (სერგეი ვოლინსკი) უცხოური სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფოდ განახორციელონ „ექსტრაქცია“ მარიუპოლიდან – უსაფრთხო ადგილას გაიყვანონ რამდენიმე ასეული სამხედრო და სამოქალაქო პირი „აზოვსტალიდან“, რათა რუსებისგან გადაარჩინონ.

ვოლინას ვიდეომიმართვა 20 აპრილის ღამეს Facebook-ზე ჟურნალისტმა  ნატალია ნაგორნაიამ  გამოაქვეყნა.

ვიდეომიმართვაში მეთაური ამბობს, რომ დაბომბილი „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ადამიანების გასაყვანად და გადასარჩენად სულ ცოტა დრო – რამდენიმე დღე, შეიძლება რამდენიმე საათიღა რჩება. საუბარია 500 დაჭრილ სამხედროზე და ასეულობით მშვიდობიან მოქალაქეზე.

„ეს არის ჩვენი მიმართვა მსოფლიოსადმი. შესაძლოა ეს არის ჩვენი ბოლო მიმართვა, ჩვენი დღეები ან საათები დათვლილია.

მოწინააღმდეგის ძალები ჩვენსაზე 10-ჯერ მეტია. ისინი გაბატონებულები არიან ჰაერში, არტილერიაში, ხმელეთზე მოქმედი დაჯგუფებების, ტექნიკისა და ტანკების მხრივ.

ჩვენ თავს ვიცავთ ერთ ობიექტზე, ერთ ქარხანაში, სადაც იმყოფებიან მარიუპოლის გარნიზონის სამხედროები და სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ხაფანგში გაებნენ.

მივმართავთ თხოვნით მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ. მივმართავთ თხოვნით, გამოიყენონ ჩვენთვის პროცედურა “extraction” და გაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

მარიუპოლის სამხედროთა გარნიზონი – ჩვენთან 500-ზე მეტი დაჭრილი მეომარი და ასობით სამოქალაქო პირია, რომელთა შორის არიან ქალები და ბავშვები. გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. გმადლობთ“.

ცნობისათვის: ექსფილტრაცია ან ექსტრაქცია – არის პერსონალის (სამხედრო, სამოქალაქო) გადაყვანის ტაქტიკა მტრის ზონიდან უსაფრთხო ზონაში იმ პირობებში, როდესაც არსებობს ტერიტორიის კონტროლის დაკარგვის ან ადამიანთა დაღუპვის საფრთხე.

ვიდეომიმართვის გავრცელებამდე სერგეი ვოლინსკიმ (ვოლინ) გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომელშიც ისაუბრა მარიუპოლის გადარჩენის 2 ვარიანტზე: სამხედრო – ელვისებური ოპერაცია, ან პოლიტიკური – მოლაპარაკებების საშუალებით.

2 აპრილს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, გამოყოს გემები სამოქალაქო პირებისა და დაჭრილი სამხედროების ზღვით გაყვანის უზრუნველსაყოფად. თურქეთი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსებთან, თუმცა უშედეგოდ.

წინაისტორია: 

მარიუპოლი პირველი მარტიდან რუსი ოკუპანტების ალყაშია. 12 აპრილს საზღვაო ქვეითების ნაწილმა შეძლო ილიჩის სახელობის ქარხნიდან გარღვევა და „აზოვის“ პოლკთან შეერთება „აზოვსტალში“, ნაწილი ტყვედ ჩავარდა.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მეტალურგიული კომბინატის მიწისქვეშა თავშესაფრებში მინიმუმ 1000 სამოქალაქო პირი იმყოფება, უპირატესად ქალები ბავშვებით და მოხუცებულები.

რუსეთის არმია „აზოვსტალს“ ზემძიმე  ავიაბომბებით ბომბავს. 19 აპრილს პოლკ „აზოვის“ მეთაურმა სვიატოსლავ პალამარმა („კალინა“) განაცხადა, რომ „აზოვსტალი“ პრაქტიკულად სრულად განადგურებულია. სამხედროებს ადამიანები ნანგრევებიდან გამოჰყავთ.

რუსეთმა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს დღეს, 20 აპრილს იარაღის დაყრა  და დანებება კიდევ ერთხელ შესთავაზა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი სამხედროები რუსეთის წინადადებას არ იღებენ და დანებებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლებენ.

ჰუმანიტარული დერეფნები უკრაინაში 3 დღეა, არ ამოქმედებულა, ხოლო მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეები 11 აპრილის შემდეგ არ გამოუყვანიათ.

დღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება და დღის მეორე ნახევარში გაიხსნება ჰუმანიტარული კორიდორი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, მარშრუტით: მარიუპოლი – მანგუში – ბერდიანსკი – ტოკმაკი – ორეხოვი – ზაპოროჟიე.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, 14:00 საათზე შეიკრიბონ ტაგანროგისა და ტაგანროგის 130-ე დივიზიის ქუჩების გადაკვეთაზე.

რუსეთმა უკრაინაში ძალების გადალაგების შემდეგ ფართომასშტაბიანი ომის მეორე ეტაპი დაიწყო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close