fbpx
მსოფლიოnews

რუსეთის ქალაქ ტვერში მთლიანად დაიწვა საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების ინსტიტუტის შენობა, არიან დაღუპულები (ვიდეო)

ქალაქ ტვერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის  ჯარების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა. არის მსხვერპლი. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საოლქო მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 21 კი დაშავდა. 

სააგენტო ТАСС-მა და „ინტერფაქსმა“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით გადმოსცეს, რომ უცნობია კიდევ 10 ადამიანის ბედი, ისინი შესაძლოა ინსტიტუტის შენობაში ნანგრევებში იყვნენ მოყოლილები.

„ინტერფაქსის“ ცნობით, შენობა, პრაქტიკულად, ბოლომდე დაიწვა, მთლიანად ჩამოინგრა შენობის სახურავი.

რამდენიმე ადამიანმა ფანჯრიდან გადმოხტომისას მიიღო ტრავმები, – წერს „რია ნოვოსტი“. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადამიანთა ნაწილი კვამლისგან მოიწამლა.

ხანძარი ინსტიტუტის შენობაში, რომელიც ტვერის ცენტრალურ, ათანასე ნიკიტინის ქუჩაზე მდებარეობს, დილის 11 საათის შემდეგ გაჩნდა. მეორე სართულიდან ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ზედა სამი სართული მოიცვა. ხანძარი 1,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მძვინვარებდა.

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახდა ელექტროქსელის ავარიულ რეჟიმში მუშაობა – შენობა და სადენები ძველი იყო, წერს TASS-ი.

„შენობა 1947 წელს იყო აგებული. ხანძრის გავრცელებას ხელი შეუწყო ხის გადახურვამ და ძლიერმა ქარმა“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების საოლქო სამსახურის წარმომადგენელმა. ადგილობრივი გამოცემა „ტვერიგრადის“ ცნობით, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ძველი კორპუსი, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, 2014 წელს დაარსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც კომპლექსურ კვლევებს აწარმოებდა საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით, სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ შექმნაში მონაწილეობდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close