პოლიტიკაქართველები უცხოეთში

16 აპრილს უკრაინაში კიდევ 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა ქართველი მეომარი არკადი კასრაძე, მისი თანამებრძოლი ზურა მუშუქია კი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გაავრცელა.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიას ინფორმაცია დაუდასტურა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს საელჩო უკრაინაში, რომელსაც კონტაქტი აქვს დაღუპულთა ოჯახების წევრებთან. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები.

„სამწუხაროდ, მოგვივიდა ინფორმაცია, რომ არის სამი დაღუპული ქართველი, მათ შორის ერთი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა, ორ დაღუპულზე ვამოწმებთ ინფორმაციას. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ. მოგვიანებით, ალბათ მეტი დეტალი გვეცოდინება. დაჭრილია ერთი. რამდენადაც  ვიცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა.

უკრაინაში მიმდინარე ომში 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკვე 9 ქართველია დაღუპული.

15 აპრილს, გამთენიისას ვარშავიდან თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი. ისინი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და 9 აპრილს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.

დღეს (16 აპრილი) სამხედრო პატივით დაკრძალეს დავით მენაბდიშვილი. სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა. დაღუპული ქართველი მებრძოლის ხსოვნას ოჯახის წევრებთან ერთად პატივი მიაგეს როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

21 წლის ნიკა შანავას კი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.

რაც შეეხება უფრო ადრე დაღუპულ კიდევ 6 ქართველ მებრძოლს: გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რაიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. 26 მარტს ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაღუპული დავით გობეჯიშვილი კი სამშობლოში 31 მარტს ჩამოასვენეს.

ჯერჯერობით ვერ ხერხდება რუსების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში დაღუპული ქართველი მებრძოლის – ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება. იგი 19 მარტს დაიღუპა.

რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში გრძელდება. ბუჩის მოვლენებმა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებზე უარი არ უნდა თქვან.

რუსეთი განაგრძობს უკრაინული ქალაქების, მათ შორის, კიევის დაბომბვას. როგორც უკრაინის გენშტაბი იუწყება, საოკუპაციო ჯარები შეტევების განახლებისთვის ემზადებიან და, სავარაუდოდ, გააგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკსა და ლუჰანსკზე.

24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, გაეროს მონაცემებით, ოფიციალურად დადასტურებულია 1982 მშვიდობიანი მცხოვრების სიკვდილი, მათ შორის 162 ბავშვია (14 აპრილის მონაცემები), თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეალურად მსხვერპლი გაცილებით მეტია (მარტო მარიუპოლში, ქალაქის მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა).

გაეროს ცნობით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებმა შეიწირა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close