მსოფლიოპოლიტიკასაქართველო

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარი გაასაჯაროვა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ საჯაროდ გამოაქვეყნა ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ 11 აპრილს მიიღო – დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა. მასში 369 კითხვაა. კითხვარის პასუხების საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს დასკვნას, თუ როგორია მისი შეფასება (Opinion) ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს. ის ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებს, რეგიონულ საკითხებს, საერთაშორისო ვალდებულებებს, ქმედით საბაზრო ეკონომიკას.

ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას დაეთმობა.

კითხვარის ნახვა შესაძლებელია ბმულზე https://www.gov.ge/files/573_81722_499977_FINALQuestionnaireGeorgiapartI.pdf

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 2 მარტს მიიღო, 3 მარტს კი  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვის ვადა აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, რომელიც ივნისში გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close