მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“ შავ ზღვაში ჩაიძირა – რა გახდა მიზეზი?

რუსული მედია იუწყება, რომ გვარდიის სარაკეტო  კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა. რუსული სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, კრეისერი სევასტოპოლის პორტში ბუქსირით გადაყვანისას ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა.

„დანიშნულების პორტში ბუქსირით გადაყვანისას კრეისერმა „მოსკოვმა“, ხანძრისა და საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად კორპუსის დაზიანების გამო, მდგრადობა დაკარგა. ზღვის შტორმული ღელვის შედეგად გემი ჩაიძირა“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაცია, რომ მათ რუსულ კრეისერ „მოსკოვს“ უკრაინული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, სახელად „ნეპტუნი“, ესროლეს.

რუსული სახელმწიფო სააგენტოები არაფერს ამბობენ უკრაინული მხარის  მიერ კრეისერის სარაკეტო იერიშის შესახებ. სააგენტო „ტასი“ წერს, რომ შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკოვზე“ ხანძარი გაჩნდა, რამაც საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია. გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზს იკვლევენ, მთელი ეკიპაჟი ევაკუირებულია და არავინ დაშავებულა.

გვარდიის სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“ – რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი და უდიდესი სამხედრო ხომალდი იყო. ის 1983 წელს შევიდა შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში და მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო „Cлава“ (რუს.: „დიდება“). „მოსკოვი“ ხომალდს 1996 წელს დაერქვა.

CNN-ის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის სანაპიროს მოსცილდნენ  რუსული სამხედრო ხომალდები, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებდნენ, იმავე რაიონში, სადაც კრეისერი „მოსკოვი“.

„შევამჩნიეთ, რომ სხვა [რუსული] სამხედრო ხომალდები, რომლებიც კრეისერ „მოსკოვის“ სიახლოვეს ან შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებდნენ, ყველა სამხრეთისკენ დაიძრა მას შემდეგ, რაც „მოსკოვმა“ დაზიანებები მიიღო. ამგვარად, შავი ზღვის ჩრდილოეთის ყველა რუსული ხომალდი დაშორდა ჩრდილოეთ რაიონებს, სადაც ისინი მოქმედებდნენ“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა.

მან პენტაგონის სპიკერ ჯონ კირბის კომენტარი გაიმეორა, რომ „აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია კრეისერ „მოსკოვის“ დაზიანების მიზეზთან დაკავშირებით“, თუმცა კირბის ამ განცხადების მიუხედავად, რუსული ხომალდების უკანდახევის შესახებ ცნობა უნდა მოწმობდეს, რომ კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის მიზეზი დიდი ალბათობით უკრაინული „ნეპტუნები“ გახდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close