იტალიაპოლიტიკა

იტალია მზადაა, უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოს თქმით, იტალია მზად არის, უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს. ამის შესახებ მან ბაქოში თავის კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ინფორმაციას La Repubblica  ავრცელებს.

„იტალია განუწყვეტლივ მუშაობს, რათა ეს კონფლიქტი სანქციების მეშვეობით დასრულდეს და არასდროს ამბობს უარს მის დიპლომატიური გზებით მოგვარებაზე“.

„მოლაპარაკებების გაგრძელება მხარეებს შორის და ჰუმანიტარული ზავი პრიორიტეტებს წარმოადგენს. ჩვენ აღვნიშნავთ პროგრესს, რომელიც თურქეთში ორივე მხარის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული. იტალიის ხელისუფლება მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი იყოს“, – განაცხადა დი მაიომ.

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის მიერ რუსული მხარისთვის წარდგენილი წინადადებებიდან ერთ-ერთი იყო ნეიტრალიტეტი – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ ისაუბრა. უკრაინა მზადაა დათანხმდეს ნეიტრალურ სტატუსს – არ შევიდეს რომელიმე სამხედრო ბლოკში და არ განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები, აგრეთვე, უცხო ქვეყანასთან ერთად სამხედრო სწავლებები ჩაატაროს მხოლოდ გარანტორი ქვეყნების თანხმობის შემდეგ, თუ უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება NATO-ს წესდების მე-5 მუხლის (ალიანსის წევრ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება მთელ ალიანსზე თავდასხმად – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის პრინციპით) მსგავსი პირობებით, რომელთა შესრულებასაც გარანტორი ქვეყნები უზრუნველყოფენ.

უკრაინამ გარანტორებად დაასახელა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ისრაელი, კანადა, პოლონეთი და თურქეთი. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და თურქეთმა, ისევე როგორც იტალიამ, უკვე გამოხატეს მზადყოფნა, უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორები გახდნენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close