ვიდეოხელოვნებასაქართველო

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტების ვიდეოკლიპის სატელევიზიო პრემიერა გაიმართა (ვიდეო)

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ევროვიზიის ქართველი კონკურსანტების სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის სატელევიზიო პრემიერა გაიმართა.

2022 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით ჯგუფი „სირკუს მირკუსი“ წარდგება სიმღერით – Lock Me In.

როგორც ევროვიზიაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნათია მშვენიერაძემ განაცხადა, ისრაელსა და ესპანეთში გაიმართება პრომოტურები, სადაც ქვეყნების დელეგაციები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. მისივე თქმით, საკონკურსო სიმღერას ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან ვიდეოებს აქვს ბევრი ნახვა და პოზიტიური შეფასება. დიდი იმედით მივდივართ და დარწმუნებული ვართ, „სირკუს მირკუსი“ იტყვის თავის სიტყვას ევროზივიაზე“, – განაცხადა ნათია მშვენიერაძემ.

ამასთან, როგორც კომპანია „სტოკტონის“ დამფუძნებელმა კოკა გოგოხიამ განაცხადა, რომელიც „სირკუს მირკუსის“ პროდაქშენზე მუშაობს, კლიპის პრემიერა უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

ევროვიზიას აქვს რეგლამენტი, დედლაინი იმ დროის, როცა ეს კლიპი უნდა ჩაგვებარებინა; მიგვაჩნდა, რომ ამ ყველაფრის წარდგენის შესაბამისი ემოციური მდგომარეობა არ იყო. თუმცა, ვადებიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც მოგვიწია სიმღერის ატვირთვა. ჩავთვალეთ, რომ ერთადერთი სათქმელი, რაც მაშინ იყო, იყო სოლიდარობა უკრაინის მიმართ და იმ მოვლენების მიმართ, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. ვთქვით, რომ შესაბამისი ემოციური მდგომარეობის დროს დავდებდით კლიპს; დღეს უკვე იცვლება უკრაინის მხარდაჭერის ფორმები, არის ბევრი კონცერტი უკრაინის დასახმარებლად და ჩავთვალეთ, უკვე შეიძლებოდა ამ კლიპის გაზიარება“, – განაცხადა კოკა გოგოხიამ.

ევროვიზიის წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციის მატარებელია და ჯგუფის წევრების ვინაობა საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რაც სწორედ ამ ჩანაფიქრის ნაწილია.

დაარსების დღიდან, ჯგუფმა გამოუშვა ათი მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომელიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ „სირკუს მირკუსი“ არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს იმისთვის, რომ შექმნან აქამდე არნახული აუდიოვიზუალური გამოცდილება“.

საქართველოს პირველმა არხმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი შემოსული განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე გამოავლინა. გადაწყვეტილება საქართველოს პირველი არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მუსიკალური ფესტივალია, რომელზეც ქვეყნის წარმომადგენელს საზოგადოებრივი მაუწყებლები სხვადასხვა შერჩევის გზით ავლენენ ან თავად ასახელებენ. წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სწორედ ეს გზა აირჩია.

შარშანდელ კონკურსზე საქართველო მუსიკალური კონკურსის „საქართველოს ვარსკვლავი“ გამარჯვებულმა წარადგინა, რომელიც მაყურებლის ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

2022 წელს ევროვიზიის კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი, 14 მაისს გაიმართება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close