წალენჯიხიდან 19 წლის ქართველი უკრაინაში საქართველოს და უკრაინას იცავს
ეს 19 წლის ბიჭი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, წალენჯიხელი უჩა კვარცხელიაა. უჩამ იცის, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია. იცის და სწორედ ამიტომაც დღეს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. უჩამ ისიც კარგად იცის, რომ თუ დღეს არ იბრძოლებს, ხვალ დასაცავი მისი ისტორიული სამშობლო – საქართველო გახდება, რომლის ტერიტორიებიც კრემლს ისედაც ოკუპირებული აქვს.
უჩა საქართველოში დაიბადა, მაგრამ, პრაქტიკულად, უკრაინაში გაიზარდა – 2005 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, ამიტომ უჩასთვის უკრაინა, როგორც იტყვიან, მეორე სამშობლოა.
სანამ ომი დაიწყებოდა, უჩა კიევის კულტურის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად სპორტით იყო დაკავებული, მისი მშობლები კი – მცირე ბიზნესით, მაგრამ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მილიონობით მცხოვრების მსგავსად, წალენჯიხელი კვარაცხელიების გეგმებიც თავდაყირა დააყენეს – ოჯახმა მცირე ბიზნესი მიატოვა, 19 წლის უჩა კი ომში წავიდა და ახლა „აზოვის ბატალიონთან“ ერთად იბრძვის.
უჩამ პირველად რომ თქვა, ომში უნდა წავიდეო, დედამ – ირმა წულაიამ და მამამ – მამუკა კვარაცხელიამ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროს შენი ომია, იარაღის ჭერაც არ იცი წესიერადო… მაგრამ მერე, როცა ნახეს, რომ რუსი დამპყრობლები ქალებს, ბავშვებსაც და მოხუცებსაც არ ინდობდნენ, მისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ.
დღეს 19 წლის წალენჯიხელი, ჯგალელი უჩა კვარაცხელია ნამდვილი მეომარი და გმირია, გმირი, რომელიც იქ, უკრაინაში, უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკდიებლობასთან ერთად საკუთარი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასაც იცავს!
დიახ, უკრაინისა და საქართველოს მომავალი სწორედ უჩასნაირ ახალგაზრდებზე დგას!
timer.ge
კომენტარები