მსოფლიოპოლიტიკა

პუტინის ქალიშვილი ჰოლანდიელ ქმარს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო შორდება – Daily Mail

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილი, 36 წლის მარია ვორონცოვა თავის ჰოლანდიელ ბიზნესმენ ქმარს – იორიტ ფაასენს შორდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, მათი გაყრა სხვა მიზეზებთან ერთად, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. რუსმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს, თუმცა თავიანთ პროფესიულ საქმიანობას აგრძელებენ, ახალი დეტალები გაარკვიეს პუტინის ერთ-ერთ ქალიშვილთან – მარია ვორონცოვასთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვთა იშვიათი გენეტიკური დაავადებების ექსპერტი და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის წამყვანი მკვლევარია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

როგორც ცნობილია, ვორონცოვა სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მდიდარი უცხოელებისთვის ფეშენებელური სამედიცინო ცენტრის გახსნას გეგმავდა, აპირებდნენ პაციენტების მოზიდვას ევროპიდან და მდიდარი შეიხების – სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, თუმცა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო პროექტი განუხორციელებელი დარჩა – ვიღა ჩავა რუსეთში სამკურნალოდ?

ვორონცოვას და ფაასენს საერთო შვილებიც ჰყავთ, თუმცა უცნობია, რამდენი და რა ასაკის.

იორიტ ფაასენმა ერთხელ თქვა: „რუს ქალზე ვარ დაქორწინებული, გვყავს შვილები… აქ გავჩერდები“.

იორიტ ფაასენი

რუსი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ მათი ქორწინება წარსულს ჩაბარდა.

შეგახსენებთ, რომ პუტინს ოფიციალურად ორი ქალიშვილი ჰყავს პირველ ცოლთან, ლუდმილასთან –  36 წლის მარია ვორონცოვა და 35 წლის ეკატერინა ტიხონოვა (მათგან არცერთი არ ატარებს პუტინის გვარს). გავრცელებული ინფორმაციით, ჰყავს კიდევ ერთი უკანონო შვილი – 18 წლის ლუიზა როზოვა, რომელიც პუტინს არასდროს უღიარებია საკუთარ შვილად. გოგონას დედა 45 წლის მულტიმილიონერი სვეტლანა კრივონოგიხია. ლუიზამ თავისი ინსტაგრამის აქაუნტი წაშალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და მისი სავარაუდო მამის – პუტინის ქმედებების გამო კრიტიკის ტალღა დაატყდა თავს.

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას ყველაზე ხშირად უწოდებენ „პუტინის სატრფოს“. სწორედ მას მიიჩნევენ პუტინის ოჯახის დანგრევის მიზეზად. მათ თავიანთ ურთიერთობაზე არასდროს უსაუბრიათ, თუმცა ფაქტია, რომ 38 წლის კაბაევამ ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა – იყო 2 მოწვევის დუმის დეპუტატი, გახდა პარტია „ედინაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს წევრი, მუშაობდა ტელეწამყვანადაც, თუმცა ბოლო დროს საერთოდ აღარ ჩანს. თავად კაბაევა უარყოფს, რომ შვილები ჰყავს, თუმცა ჟურნალისტების ვარაუდით, მას პუტინთან 4 საერთო შვილი უნდა ჰყავდეს, 2 უმცროსი შვილი – ტყუპი გოგონა შვეიცარიაში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა ამჟამად თავის 4 შვილთან ერთად სავარაუდოდ შვეიცარიაში იმყოფება და „კარგად დაცულ შალეში ცხოვრობს“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close