მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენმა პუტინს სამხედრო დამნაშავე პირველად უწოდა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა – პირველად ომის დაწყების შემდეგ.

„ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა“, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე.

აღსანიშნავია, რომ კითხვაზე მან თავიდან უპასუხა „არა“, თუმცა შემდეგ მაშინვე მობრუნდა ჟურნალისტების ჯგუფთან იმის დასაზუსტებლად, რა ჰკითხეს (როგორც ჩანს, ხმაურის გამო თავიდან კარგად ვერ გაიგო). როდესაც კითხვა გაუმეორეს – არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე – მან დადებითად უპასუხა.

ბაიდენმა ეს კომენტარი რამდენიმე საათში გააკეთა მას შემდეგ, რაც სენატორმა არიზონის შტატიდან მარკ კელიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „აუცილებლად უნდა უწოდოს პუტინს სამხედრო დამნაშავე“.

ბაიდენის განცხადებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იკვლევს, განზრახ ესხმიან თუ არა თავს რუსული სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა რამდენიმე ქალაქსა და სოფელში ასობით სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს – საცხოვრებელი სახლები, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები – თეატრები, უნივერსიტეტი, სკოლები და ბაგა-ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, წყალსაქაჩი სადგური, გაყინული საკვები პროდუქტების ბაზა და სხვა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში, სადაც რუსებმა საცხოვრებელ სახლებთან ერთად საავადმყოფოებიც დაბომბეს. სამშობიარო სახლის დაბომბვის კადრებს მთელი მსოფლიო შეძრწუნებით უყურებდა. სამწუხაროდ, თავდასხმისას დაჭრილი ორსული ქალი მუცლადმყოფ ბავშვთან ერთად საავადმყოფოში გარდაიცვალა – ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

16 მარტს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზეძლიერი ბომბი ესროლეს მარიუპოლის თეატრის შენობას, რომელსაც უსახლკაროდ დარჩენილი 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, მათ შორის, ბავშვები. მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დღეს დაბომბეს, აგრეთვე, საცურაო კომპლექსი „ნეპტუნი“, რომელსაც ფეხმძიმე ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს.

ამას გარდა, „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სროლა აუტეხეს მსუბუქი ავტომობილების კოლონას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, ერთი ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაშია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close