მსოფლიოპოლიტიკა

როგორ ანადგურებენ რუსული ტანკების კოლონას უკრაინელი მებრძოლები (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, როგორ ანადგურებს უკრაინული მხარე რუსულ ტანკებს ქალაქ ბროვართან, კიევის სიახლოვეს. Forbes – უკრაინას შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე (12 მარტი) უკრაინელებმა 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 2593 ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, მათ შორის: 58 თვითმფრინავი, 83 ვერტმფრენი, 363 ტანკი და 1205 საბრძოლო ჯავშანმანქანა. 

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ბრიტანულმა დაზვერვამ 12 მარტს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის სიახლოვეს ჩრდილო-დასავლეთით გრძელდება ბრძოლა რუსული სახმელეთო ჯარების ძირითად მასასთან, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კმ-ის დაშორებით იმყოფებიან.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული კოლონის ნაწილები დაშორიშორდა, რაც შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ ისინი ცდილობენ, ქალაქი ალყაში მოაქციონ. ეს შესაძლოა, აგრეთვე, იყოს რუსების მცდელობა, შეამცირონ თავიანთი ჯარების მოწყვლადობა უკრაინული კონტრშეტევების მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რუსულ არმიას.

12 მარტს უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კიევს აიღებენ მხოლოდ მაშინ, თუ გაანადგურებენ ყველა უკრაინელს ქალაქში.

10 მარტს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ კიევის მცხოვრებთა ნახევარმა ქალაქი დატოვა, დედაქალაქი კი ციხესიმაგრედ გადაიქცა. მისივე განცხადებით, სამხედრო ხელმძღვანელობა ელოდება რუსული საოკუპაციო ჯარების იერიშს დედაქალაქის საავტომობილო გზებზე ჩრდილო-დასავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close