მოსკოვში პოლიცია მეექვსეკლასელი კირილის სახლში მივიდა, რადგან მან სკოლაში, პროპაგანდისტული გაკვეთილის დროს „მიუღებელი კითხვები“ დასვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. ინფორმაციას ნოვაია გაზეტა ავრცელებს.
კირილი 12 წლისაა. დედამისი ნატალია ამბობს, რომ ბიჭს უკრაინული ფესვები აქვს, ის უკრაინის კულტურის ცენტრში დადიოდა და მიმდინარე ომი მას ტკივილს აყენებს.
მისი თქმით, პარასკევს, 4 მარტს მეექვსე კლასელებმა ჩვეული ისტორიის გაკვეთილი ჩაატარეს. მომხდარის შესახებ თავად კირილი ამბობს, რომ მან მასწავლებელს ჰკითხა, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი? რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ ეს სპეცოპერაციაა.
„მასწავლებელმა თქვა: „ზუსტად არ ვიცი, სად არიან ახლა ჩვენი ჯარები, მაგრამ ისინი ნახევარ გზაზე რომ გაჩერებულიყვნენ, უკრაინის აგრესია გაგრძელდებოდა“. კლასის მცირე ნაწილი ჩემს გვერდით იყო, მათაც დაუსვეს კითხვები. მასწავლებელმა თქვა, რომ სპეციალისტები უკრაინიდან და აშშ-დან ყალბ ცნობებს ავრცელებენ, რათა ხალხს სცემონ აქციებზე და დასძინა, რომ „აქცია კოორდინებული უნდა იყოს“.
მე ვკითხე, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების საწინაარმდეგო აქცია იყოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული, რაზეც პასუხი ვერ მივიღე.
ამის შემდეგ დავსვი კითხვა, რატომ დაიწყო ვინმემ საერთოდ და როდის დასრულდება ეს ყველაფერი? მისი თქმით, ეს უკრაინამ დაიწყო და დამთავრდება, როცა უკრაინა კაპიტულაციას მოახდენს.
მან ასევე გვითხრა, რომ უკრაინელებში ნაციზმი ყვავის, რომ პირველი კლასიდან სახელმძღვანელოებში წერია, რომ უკრაინა ზესახელმწიფოა. ბევრი მეგობარი მყავს უკრაინიდან, ვკითხე – ეს მათ სახელმძღვანელოებში არ აქვთ“, – ყვება კირილი „ნოვაია გაზეტასთან“.
ამის შემდეგ, როგორც ბიჭი ამბობს, მეორე გაკვეთილზე წავიდა და დერეფანში დაიყვირა: „დიდება უკრაინას!“ – და დერეფანში მჯდომმა რამდენიმე მოსწავლემ საპასუხო ლოზუნგით უპასუხა.
კირილის დედის, ნატალიას თქმით, გაკვეთილის შემდეგ მას უცნობი ნომრიდან დაურეკეს და პოლიციაში დაიბარეს. მისივე თქმით, კლასის დამრიგებელმაც დაიბარა სკოლაში არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის თანამშრომლებთან შესახვედრად.
ნატალია ამ შეხვედრებზე არ მივიდა, შვილი კი სკოლიდან წამოიყვანა.
დღეს, 7 მარტს, როცა კირილი სახლში მარტო იყო, მას ორმა პოლიციელმა მიაკითხა, თუმცა ბავშვმა მათ კარი არ გაუღო.
სამართალდამცავებმა ბინას დენი ჩაუჭრეს და კარის ქვეშ დატოვეს წერილი დატოვეს – „დაკითხვაზე“.
რუსეთის განათლების სამინიტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში ჩატარდება ღია გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებს აუხსნიან, „რატომ გახდა აუცილებელი უკრაინაში განმათავისუფლებელი მისიის ჩატარება“.
tabula.ge
კომენტარები