fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ გენპროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ირინა ვენედიქტოვამ დოკუმენტებიც გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ თინა კანდელაკს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მეორე ნაწილის მე-110 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებას გულისხმობს („მოქმედებების ფინანსირება, რომლის მიზანია ძალადობრივი გზით უკრაინის კონსტუტუციური წყობის ცვლილება ან დამხობა ან სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობა, უკრაინის ტერიტორიის საზღვრების ან სახელმწიფო საზღვრის ცვლილება“). ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია თინა კანდელაკის გამონათქვამებზე, რომელიც მან თავისი ტელეგრამ არხის საშუალებით გაავრცელა. კანდელაკი ზელენსკის და სხვა პოლიტიკოსებს ურჩევს, დატოვონ უკრაინა, რის შემდეგაც უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩი დაბრუნდება.

„გავეცანი  თქვენს ტელეგრამ არხს და გავოგნდი. თქვენ ხართ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და სლოგანების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი. თქვენ, თინათინ გივიევნა! როგორ შეიძლება ეს მართალი იყოს?!“ წერს გენპროკურორი და კანდელაკს იმ დროს ახსენებს, როდესაც იგი უკრაინაში მუშაობდა.

ირინა ვენედიქტოვა წერს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინის გენპროკურატურა თინათინ კანდელაკზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცესის ინიცირებას მოახდენს და თუ იგი უცხო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას შეეცდება, მას დააკავებენ უკრაინაში ექსტრადიციისათვის.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close