fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„მტერს სიურპრიზი ელოდება“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდებაში მნიშვნელოვანი პროგრესია, რაც რუსებისთვის „სიურპრიზი“ იქნება.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ფეისბუქზე წერს.

„უზარმაზარი დანაკარგების გამო, რომლებსაც მტერი განიცდის, ბრძოლების ინტენსივობა დროებით შენელდა, თუმცა რუსი ოკუპანტები ძალების და საშუალებების კონცენტრირებას ცდილობენ შეტევების ახალი ტალღისთვის – პირველ რიგში, კიევზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვსა და ნიკოლაევზე.

ჩვენ ყოველ წუთს ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას. მთელი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი დამცველების მოთხოვნილებებზე.

არ გავაკეთებ კომენტარს იარაღის და საბრძოლო საშუალებების მოწოდებაზე – ეს დელიკატური საკითხია. დაე, მოწინააღმდეგისთვის სიურპრიზი იყოს. იცოდეთ, არის მნიშვნელოვანი პროგრესი.

ამასთან, ბოლო 3 დღის განმავლობაში უკვე მივიღეთ 50 ათასი ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი“, – წერს ოლექსი რეზნიკოვი ფეისბუქზე.

„უკრაინსკაია პრავდა“ 7 მარტის დილისთვის არსებული მდგომარეობის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას:

მათი ცნობით,  7 მარტს, ადგილობრივი დროით 08:00 საათის მონაცემებით, საჰაერო დაბომბვა განხორციელდა ჩერნიგოვზე, ხარკოვსა და ნიკოლაევზე, დაიბომბა ჟიტომირი, ხერსონისა და სუმის რეგიონებში კი კვლავ დაძაბული ვითარებაა.

გუშინ რუსებმა სარაკეტო დარტყმის შედეგად ვინიცის სამოქალაქო აეროპორტი გაანადგურეს. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის მხრიდან აეროპორტის მიმართულებით 8 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს..

უკრაინის მხარე მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ 7 მარტის ღამის მონაცემებს ასაჯაროებს – მათი თქმით, ღამე წარმატებული იყო, განადგურებულია მტრის 30 ვერტმფრენი და 3 სამხედრო კოლონა.

მთლიანობაში კი, საომარი მოქმედებების 11 დღის შემდეგ, უკრაინის მხარის ინფორმაციით, მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს: პირადი შემადგენლობა – 11 ათას ადამიანზე მეტი, 290 – ტანკი, 999 – ჯავშანმანქანა, 117 – საარტილერიო სისტემა, 50 – სარაკეტო სისტემა, 23 – ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალება, 46 – თვითმფრინავი, 68 – ვერტმფრენი, 454 – საავტომობილო ტექნიკა, 3 – გემი/კატერი, 60 – ცისტერნა საწვავ-საპოხი მასალებით, 7 – ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ფეისბუქზე წერს.

მისი თქმით, მონაცემები ზუსტდება, რადგან დათვლა ძნელდება მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების გამო.

ესტონურმა დაზვერვამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ თავისი სამხედრო ტექნიკის მეოთხედი დაკარგა (მათ დატოვეს ტექნიკა უმეტესად საწვავის უკმარისობის გამო), რომელიც ომის დაწყებამდე უკრაინის საზღვრებთან ჰქონდა მობილიზებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეიარაღების მხრივ უკმარისობა ექნებათ. ამის შესახებ err.ee წერს ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარგო გროსბერგის სიტყვებზე დაყრდნობით.

ამ ვითარებაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინა საომარ ეკონომიკაზე უნდა გადაეწყოს.

„ასობით უცხოური კომპანია ხურავს წარმოებას და აგრესორ ქვეყანაში თავისი საქონლის გაყიდვას კრძალავს. ვიდრე რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავეწყოთ საომარ ეკონომიკაზე“, – განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინისთვის 639 მილიონ ევროს გამოყოფს, მინისტრთა კაბინეტმა უკვე ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიიღო. შმიგალის განმარტავს, რომ საომარ ეკონომიკაზე გადაწყობა გულისხმობს გარკვეული საჭიროებების დაგეგმვას და სახელმწიფომ უკვე აძლევს საწარმოებს შეკვეთებს კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის განკარგულებით ყველა უკრაინელი, რომელიც ომის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოსგან 6 500 გრივნას (დაახლ. 220 აშშ დოლარი) მიიღებს.

რუსეთის მხარე უკრაინელ დევნილებს რუსეთსა და ბელარუსში გადასვლას სთავაზობს, უკრაინა წინააღმდეგია.

დღეს დილით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარისთვის მიუღებელია რუსეთის წინადადება ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის თაობაზე უკრაინელების ბელარუსსა და რუსეთში გადასასვლელად. მისი თქმით, პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონით მანიპულირებს.

„გუშინ მივიღეთ წერილი რუსეთის ფედერაციისგან, რომელშიც გვთავაზობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ე.წ. სიჩუმის რეჟიმის გამოცხადებას 7 მარტის 10:00 საათიდან შემდეგი ჰუმანიტარული მიმართულებებით:

კიევი-ჰოსტომელი-რაკოვკა-სოსნოვკა-ივანკოვი-ორანოე-ჩერნობილი-გდენი-გომელი. შემდეგ ავიაციის გამოყენებით რუსეთის ფედერაციაში გადაყვანით;

ხარკოვი-ნეხოტეევკა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების წერტილებისკენ;

სუმი-სუჯა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების პუნქტებში.

ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის ეს ვარიანტი მიუღებელია, ჩვენი ხალხი ბელარუსში არ წავა, რომ მერე თვითმფრინავით რუსეთის ფედერაციაში გადაფრინდეს“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

თავის მხრივ, უკრაინამ რუსებს ჰუმანიტარული დერეფნების საკუთარი მარშრუტები შესთავაზა.

რუსული გამოცემა Tass-ის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მესამე რაუნდი დღეს, 7 მარტს გაიმართება. გამოცემა წერს, რომ „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, მოლაპარაკებები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 15:00 სთ-ზე დაიწყება. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ თავის მიზნებს მიაღწევს „ან საომარი მოქმედებების ან მოლაპარაკებების შედეგად“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close