6 მარტს კრემლის სასახლეში თამარ გვერდწითელი არ იმღერებს – მომღერლის FB გვერდი
6 მარტს კრემლის სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტში ქართველი მომღერალი, თამარ გვერდწითელი მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ პოსტი გვერდწითლის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
„6 მარტს კრემლში გამართულ კონცერტზე თამარ გვერდწითელი არ იმღერებს“, – წერია გვერდზე.
კრემლთან არსებულ საკონცერტო დარბაზში, როგორც წესი, რუსეთის მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მუსიკოსების წარმოდგენები იმართება. სარვამარტო კონცერტზე ვლადიმირ პუტინის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის, ნიკოლაი ბასკოვი, ლევ ლეშენკო და იგორ კრუტოი წარდგებიან. კონცერტში მონაწილეთა სიაში იყვნენ ქართველი შემსრულებლებიც – თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი, ასევე ჯგუფ А-СТУДИО-ს წევრი ქეთა თოფურია.
პროტესტის ნიშნად 5 მარტს სამოქალაქო აქტივისტებმა თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს.
6 მარტს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში უკრაინაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იგეგმება.
tabula.ge
p. s. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტში არც ქეთა თოფურია მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარები