fbpx
პოლიტიკასაქართველო

რა პროცედურებს გაივლის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ – დავით ზალკალიანის განმარტება

პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადი საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ბრიუსელში წავიდა. ჩვენი ელჩი ბრიუსელში პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, საფრანგეთს გადასცემს – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასკვნა დადებითი იქნება.

„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადი წავიდა ბრიუსელში. ჩვენი ელჩი ბრიუსელში გადასცემს პრემიერის ხელმოწერილ დოკუმენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, საფრანგეთს. შემდგომ უკვე დაიწყება განხილვის პროცესი წევრ ქვეყნებს შორის, ასევე ეს გაიგზავნება შემდგომ ევროპარლამენტშიც და ასევე გაიგზავნება ევროკომისიაში.

ევროკომისიაში განხილვის შემდეგ ის აბრუნებს სპეციალურ კითხვარს, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და შესაძლოა რამდენიმე ათას კითხვას მოიცავდეს და ამ კითხვებზე ქვეყანამ უნდა გასცეს პასუხი, ყველა იმ კრიტერიუმსა და კითხვარს, რაც არის დადგენილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. ეს შევსებული კითხვარი შემდეგ ისევ უბრუნდება ევროკომისიას და ის ამ კითხვარიდან გამომდინარე იძლევა პასუხს, ან დადებით დასკვნას და იმედია, რომ დადებითი დასკვნა იქნება კანდიდატის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ იწყება მოლაპარაკების პროცესი კანდიდატ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ მივყვებით ამ პროცესს. მთავარია, რომ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს დავანახვოთ ჩვენი პოლიტიკური ნება. განაცხადის გაკეთება ერთი საკითხია, შემდეგ არის ის, თუ როგორ მივყვებით კრიტერიუმების შესრულებაში და ჩვენ უნდა გავუადვილოთ მათ გადაწყვეტილების მიღება, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ [ჩვენი] ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close