უკრაინაში ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსეთის აგრესიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ ტელეკომპანია „რადას“ ეთერში კვირას განაცხადა.
„მეოთხე დღეა… დღედაღამ უკეთდებათ ოპერაციები დაჭრილების, მათი სიცოცხლის გადარჩენას ვცდილობთ. ბავშვებსაც ვუკეთებთ ოპერაციებს. სამწუხაროდ 16 ბავშვის გადარჩენა ვერ შევძელით.
ეს იმის შედეგია, რომ რუსეთის არმია, რომელსაც შეუძლებელია არმია უწადო, იმიტომ, რომ ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს არმია არ ესვრის – ტერორისტები ესვრიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ არის არმია – ეს ტერორისტები არიან“, – განაცხადა ლიაშკომ.
27 თებერვალს კიევში რუსმა დივერსანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. დაიღუპა 3 ადამიანი, ცოლ-ქმარი და მათი მე-4 კლასელი გოგონა, და-ძმა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას კიევის საქალაქო საბჭოს მდივანი ვოლოდიმირ ბონდარენკო ავრცელებს.
6 წლის ბიჭი დაიღუპა და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა კიევის დასავლეთ რაიონში ძლიერი სროლისა და შეტაკების შედეგად.
სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქალაქ ახტირკაში დაბომბვებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის 7 წლის გოგონაც.
კომენტარები