უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გათიშვას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერით ავრცელებს.
„ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში ახალი გვერდის დასაწყისი… უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი“, – წერს ზელენსკი.
This is the beginning of a new page in the history of our states 🇺🇦 🇮🇹. #MarioDraghi in a phone conversation supported Russia’s disconnection from SWIFT, the provision of defense assistance. Ukraine must become part of the #EU.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 26, 2022
ინფორმაციას იტალიის მიერ რუსეთისთვის სანქციებში მონაწილეობის, მათ შორის, SWIFT-იდან გათიშვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ იტალიური მედიაც ავრცელებს.
„იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ტელეფონით დაურეკა ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გამოეხატა პირადად მისდამი და უკრაინის ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის პირისპირ“.
„ანსას“ ცნობით, Palazzo Chigi-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „დრაგიმ ზელენსკის დაუდასტურა, რომ იტალია მხარს უჭერს და ბოლომდე დაუჭერს ევროკავშირის ხაზს რუსეთისადმი სანქციების დაწესების, მათ შორის, Swift-ის საკითხზე“.
უკრაინა მოითხოვს, რუსეთი გარიცხონ SWIFT-იდან, რომელიც მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე გავრცელებული სისტემაა.
SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მოწოდებით გამოდიან ასევე ბალტიის ქვეყნები – ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას ამ დრომდე არ ეთანხმება ევროკავშირის ორი ქვეყანა – გერმანია და უნგრეთი.
„უკვე ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა არსებობს რუსეთის SWIFT-დან გათიშვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ეყოფათ ვაჟკაცობა და ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დავიცვათ ევროპა“, – აცხადებს ზელენსკი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ SWIFT-ის გადახდის სისტემიდან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი ოთხი ქვეყანა იყო – გერმანია, უნგრეთი, იტალია და კვიპროსი – თუმცა კვიპროსმა, ისევე როგორც იტალიამ უკვე განაცხადა, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
ნინო ხოშტარია
p. s. ახლახან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ელაპარაკა უნგრეთის ელჩს და ელჩის თქმით, უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციის დაწესებას, მათ შორის, ქვეყნის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას.
Rozmawiałem właśnie z ambasador Węgier @HU_in_PL.
Węgry nie będą blokować żadnych sankcji przeciwko Rosji, w tym także dot. systemu SWIFT.
— Paweł Jabłoński (@paweljabIonski) February 26, 2022
ვნახოთ, რას განაცხადებს ოფიციალურად თავად უნგრეთი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია.
კომენტარები