newsიტალია

იტალია: ვულკანის ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიკეტა

ვულკან ეტნის მორიგი ამოფრქვევის გამო სიცილიის ქალაქ კატანიის აეროპორტი დაიკეტა. ამის შესახებ აეროპორტის პრესრელიზშია ნათქვამი.

„არცერთი თვითმფრინავი არც დაჯდება და არც აფრინდება“, – ნათქვამია აეროპორტის სოციალურ ქსელების გვერდებზე. გაუქმებულ ან გადატანილ რეისებთან დაკავშირებით მგზავრებს ურჩევენ, შესაბამის ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.

თვითმფრინავები, რომლებიც კატანიაში უნდა დამჯდარიყო, პალერმოში ან სიცილიის სამხრეთში – კომიზოში გადაამისამართეს.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის (INGV) ბოლო მონაცემებით, ამოფრქვევა მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერზე დაახლოებით 2900 მეტრის სიმაღლეზე და კრატერიდან ამოფრქვეული ფერფლი და კვამლის ბოლქვები 12 კილომეტრზე აიჭრა ცაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრატერიდან ლავის შადრევანი შეწყდა, კვამლის ღრუბელი კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება.

ეტნის წინა ამოფრქვევის შესახებ ინფორმაცია 10 დღის წინ გავრცელდა –  ვულკანი 11 თებერვალს, ხუთშაბათიდან პარასკევს ღამით ამოიფრქვა.

ეტნა სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქებთან – მესინასა და კატანიასთან ახლოს. ის ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია და ყველაზე აქტიური – იტალიაში. სხვადასხვა მონაცემით, ეტნაზე 200-იდან 400-მდე ვულკანური კრატერია და, საშუალოდ, 3 თვეში ერთხელ რომელიმე კრატერიდან ლავა იფრქვევა.

2017 წლის მარტში მისი მორიგი ამოფრქვევისას 10 ადამიანი დაიჭრა.

ეტნა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. მარტო 1950 წლიდან მისი ამოფრქვევის რამდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც წესი, ამოფრქვევა სიბნელეში ძალზე შთამბეჭდავი სანახავია გახურებული ლავის ნაკადების ცეცხლოვან-წითელი ფერის გამო. ეტნის გააქტიურებისას, ჩვეულებრივ, ატმოსფეროში  შედარებით ნაკლები ფერფლი ამოიფრქვევა.

სიცილიაზე მდებარე ვულკან ეტნის პირველი ისტორიულად დადასტურებული ამოფრქვევა ჩვენს ერამდე 1226 წელს მოხდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აფრიკული და ევრაზიული ტექტონური ფილების შეერთების ადგილას მდებარე ვულკანი დაახლოებით 300 ათასი წლის წინათ გააქტიურდა.

2013 წელს ეტნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შეიტანეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close