კრიმინალისაქართველო

ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

თბილისში მცხოვრები ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება დაარღვია და დანაშაული აღიარა. მან ბოდიში მოუხადა როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ისე დარბაზში მყოფ ადამიანებს და თქვა, რომ არ შეუძლია დეტალურად გაიხსენოს, როგორ ან რატომ ჩაიდინა მკვლელობა.

საქმის პროკურორის განმარტებით, რაფაელ მურსაკულოვის შერაცხადობა ექსპერტიზამ დაადასტურა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აცნობიერებდა, დანაშაულის მომენტში რასაც აკეთებდა. ბრალდებულს, პროკურორის თქმით, აღენიშნებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი, თუმცა ის დანაშაულის ჩადენისას არ იყო აფექტის მდგომარეობაში და არც შეურაცხადი.

პროკურორმა თქვა ისიც, რომ რაფაელ მურსაკულოვმა ჩადენილი დანაშაულის დღესვე მოუყვა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს, ძმას და რძალს და გააფრთხილა ისინი, თუკი მომხდარ მკვლელობაზე ვინმეს შეატყობინებდნენ, მოკლავდა მათ მცირეწლოვან შვილს. ბრალდებულს განზრახული ჰქონდა მოკლულის გვამის დაწვაც მტკიცებულებების გაქრობის მიზნით და ამისთვის გვამი მკვლელობის ადგილიდან მოშორებით, ხევის პირას გადაათრია და ფოთლებით დაფარა.

„არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, არ ვარ ასეთი ადამიანი. მე ბოდიშს ვიხდი. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მე ბოდიშს ვიხდი. რაც არ უნდა განაჩენი გამომიტანოთ, არ გავასაჩივრებ“, – თქვა სასამართლო სხდომაზე თავად რაფაელ მურსაკულოვმა. პროკურატურა მისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას ითხოვს.

„აღქმა არ შეუძლია, ეს როგორ მოხდა. აქვს მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები, რაც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას. თვითონაც ვერ აღწერს დეტალურად, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მისი განმარტება ეს იყო, რომ იმ წუთას მასში გაიღვიძა ყველაზე დიდმა ეშმაკმა, რომელიც ვერ დაძლია“, – თქვა ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მას იმედი აქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტს და სასჯელის ნაკლებად მძიმე ზომას გამოიყენებს.

გამოძიების მასალებში არის სხვა მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული მათაც შეხვედრიათ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჰქონია ადევნების მცდელობებიც. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაჩენი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოკლული ქალის ოჯახის წევრებმა საბოლოო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ითხოვეს და სხდომა 9 მარტისთვის გადაიდო. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რა სასჯელს მიუსჯის სასამართლო რაფაელ მურსაკულოვს.

რაფაელ მურსაკულოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რაფაელ მურსაკულოვი

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობდა:

  • 179-ე მუხლი – ყაჩაღობა;
  • 109-ე მუხლი – განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close